slide
slide
slide

ქართველი ბაიკერი ქალი ბოლივუდში

“ძლიერი ქალი სამყაროში ყველაზე დიდი ძალაა, რომელსაც შეუძლია მართოს ყველა და ყველაფერი. ძლიერ ქალს შეუძლია მარტივად დაგანახოს ის, რაც შეუძლებლად მიგაჩნია. დიახ, მე ძლიერი ვარ, ამას ხმამაღლა ვამბობ. ჩემი მთავარი ძალა არის, ჩემი დამოკიდებულება სამყაროსადმი, ადამიანებისადმი და რაც ყველაზე მთავარია, საკუთარი ცხოვრებისადმი”- ეს სიტყვები ბაიკერთა ფედერაციის პრეზიდენტს ნანა მამუკაშვილს ეკუთვნის. ქალს, რომელმაც შეძლო თავისი ცხოვრების ყოველი რთული ეტაპი გადაელახა ისე, რომ შინარჩუნა ქალური სიბრძნე, სილამაზე და სიძლიერე. დღეს კი ის ალბათ ყველა ქალისთვის მაგალითია, თუ როგორ უნდა იცხოვრო, რომ შეინარჩუნო მთავარი ძალა ბედნიერებისთვის.
ნანა, გარდა იმისა რომ ძლიერი და საინტერესო ადამიანია, გულწრფელი რესპოდენტიც აღმოჩნდა და გვესაუბრა ყველა იმ პრობლემასა თუ დაბრკოლებებზე, რომლის გადალახვაც მოუწია. როგორც თავად ამბობს, ცხოვრებაში ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია, რადგან მუშაობს კანონ-პროექტზე, რომლის მიზანი ბაიკერთა უფლებების დაცვაა. მისი თქმით, ამ მხრივ სრული ქაოსია ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, ეს სპორტიც სახიფათო იმიჯს ატარებს.
გაიცანით- ნანა მამუკაშვილი, პროფესიით იურისტი, ბაიკერთა ფედერაციის პრეზიდენტი, სასწრაფო მანქანის მძღოლი, კარგი მეგობარი, კარგი დედა, კარგი მეუღლე და უბრალოდ ბაიკზე უზომოდ შეყვარებული ძლიერი ქალი.
და თუ თბილისის ქუჩებში დაინახავთ ბაიკზე შეყვარებულ, თავაწყვეტილ, თავდაჯერებულ ქალს, რომელიც ეთამაშება სიცოცხლეს, უშიშრად მიაპობს სივრცეს, იცოდეთ რომ ეს ნანა მამუკაშვილია. ქალი, რომელმაც დაარღვია ჩარჩოები, გამოვიდა იმ სამყაროდან, სადაც ქალი, მხოლოდ ნაზი არსებაა…

ვინ არის ნანა მამუკაშვილი?

-უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ გადაწყვიტეთ ჩემთან ჩაგეწერათ ინტერვიუ, ეს ჩემთვის, როგორც ბაიკერთა ფედერაციის პრეზიდენტისთვის, მნიშვნელოვანია, რადგან თქვენი ჟურნალის მეშვეობით, მე ხმას მივაწვდენ ყველა იმ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია მოტოსპორტით. ფედერაცია ახლახანს ჩამოვაყალიბეთ და ამის შესახებ, პირველად, თქვენი ჟურნალიდან შეიტყობს საზოგადოება.

რაც შეეხება ჩემს პიროვნებას, ნანა მამუკაშვილი ერთი უბრალო ქალია, რომლის ცხოვრების მთავარი დევიზი, განსაზღვრავს მის პიროვნებას-ძლერი ქალი ძლიერი სამყარო. არასოდეს ვცდილობ შევიცვალო, რადგან ჩემი პრინციპები და დამოკიდებულება ყველასა და ყველაფრის მიმართ, მხდის ბედნიერს. მიჭირს ვისაუბრო საკუთარ თავზე, მე ის ვარ, როგორსაც მიცნობენ მეგობრები.

ამბობენ, რომ ძალიან ძლიერი ქალი ხარ, ეს იმიჯი, ბაიკს ხომ არ უკავშირდება. ბაიკის გარეშე ნანა მამუკაშვილი ვინ იქნებოდა?

-სიძლიერე მომიტანა ბაიკმა, რადგან ბაიკი არ მაძლევს დაბერების საშუალებას! მაიძულებს მუდამ ფორმაში ვიყო. ბაიკის გარეშე? არ ვიქნებოდი ის, ვინც ვარ დღეს! მე მომწონს ჩემი სამყარო, რომელშიც ვცხოვრობ. მახარებს ადამიანების დამოკიდებულება ჩემი პროფესიისადმი და არა მარტო, ვგრძნობ, რომ ყველასთვის სასურველი ვარ. ყველაზე მეტად კი, მსიამოვნებს, როცა ჩემს გვერდით ადამიანი თავს დაცულად გრძნობს. ხშირად მეხუმრებიან კიდეც ჩემი მეგობარი მამაკაცები, რომ იმდენად ძლიერი ხარ, გვიჭირს შენთან გრძნობების გამხელაო.

უყვარდე ყველას, ვისთანაც გაქვს ურთიერთობა, ეს ყველაზე დიდი წარმატებაა, ამას როგორ ახერხებ?

– ძალიან მარტივად. მეც მიყვარს ისინი და ამას გრძნობენ!
როგორ შეიძლება ყველასთან გქონდეს კარგი დამოკიდებულება?- ესეც მარტივია, რადგან თუ საკუთარ თავს და ემოციებს აკონტროლებ, თუ ახერხებ საკუთარი ადამიანური შესაძლებლობების კონტროლს, ყველაფერი გამოგივა. უნდა აკეთო ბევრი სიკეთე და ეს ცხოვრების წესად უნდა აქციო. უნდა იყო მართალი, თორემ ძლიერი ვერ იქნები. სამართლიანობის განცდა ყველაზე მნიშვნელოვანია!
მე ასეთ გარემოში გავიზარდე, ასეთი იყო ჩემი მშობლები. ასე ვცხოვრობ დღეს!

როგორც ვიცი, მშობლებიც ამ სპორტით იყვნენ გატაცებული…

-პროფესიით დედა ექიმი იყო და მამა ინჟინერი, მაგრამ ორივე ამ სპორტით იყო დაინტერესებული. ხუთნი ვიყავით დედმამიშვილები და ყველას განსხვავებული პროფესია გვაქვს, უმცროსმა ძმამ რელიგიური ცხოვრება არჩია და დღეს ის მამაოა- მე ბედნიერი ვარ ამით. დედა ძალიან ძლიერი და ნიჭიერი იყო, მამა კი სულ თავგადასავლებს ეძებდა, ყოველთვის გამორჩეული იყო. ხშირად ამბობდა:” თუ ვერ ვითარდები პროფესიულად და არ ხარ წარმატებული, განავითარე შენი ფიზიკური შესაძლებლობები. არ დანებდე!” მე ეს ჩემი ცხოვრების წესად ვაქციე და დღემდე ასე ვარ. ვაკეთებ იმას, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, რაც სიკეთეს მოუტანს ადამიანებს და არა მარტო მე.

ცხოვრებაც რისკია, როგორც ბაიკი. მთავარია გრძნობდე მას და იცოდე წესები, რომლითაც უნდა მართო ყველა საავარიო მომენტი. ჩემი ოჯახისთვის ბაიკი არასოდეს ყოფილა მხოლოდ რკინა- ეს იყო ცოცხალი ორგანიზმი და დღესაც ასეა.

რატომ ჩამოაყალიბე ბაიკერთა ფედერაცია?

-ბევრს ვფიქრობდი, სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, მაგრამ ვფიქრობ ეს აუცილებელი იყო. ყოველდღიურად ვხედავ თუ როგორ ირღვევა ჩვენი უფლებები, რის გამოც ბევრი ახალგაზრდა ბაიკერი შეეწირა ამ უსამართლო გარემოს. არ არსებობს წესები და კანონები ბაიკერთა სიცოცხლის გადასარჩენად. არავინ გითმობს გზას. სწორედ ამიტომ, მე ვმუშაობ მნიშვნელოვან კანონ-პროექტზეც, რომელმაც უნდა დაიცვას ბაიკერთა უფლებები. ვისაც სურვილი ექნება აიღებს მართვის მოწმობას,  ჩვენ კი მათ პროფესიულ დონეზე მივცემთ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას,  რაც უსაფრთხოების მხრივ საყურადღებოა.

როცა ბაიკზე ზიხარ, რას გრძნობ?

-ჯერ ერთი, როგორც ზემოთ ავღნიშმნე, ბაიკი ჩემთვის მხოლოდ რკინა არ არის, სწორედ ეს დამოკიდებულება მაძლევს ძალას, ამ დროს შევიგრძნო სამყარო, განვავითარო სისწრაფე ისე, რომ ჩემი გონება არ მოდუნდეს! სიცოცხლე იმდენად მიყვარს, რომ თავს უფლებას ვერ მივცემ რისკის წინაშე დავაყენო ჩემი თავი. და რაც ყველაზე მთავარია, მე ვიცი რას ვაკეთებ, რა უნდა გავაკეთო, როცა საფრთხე მემუქრება. სისწრაფე არ არის რისკი, რისკი არის არცოდნა იმისა, თუ როგორ მართო საკუთარი შესაძლებლობები სისწრაფის დროს.

ჩვენს ქალაქში ალბათ ყველაზე რთულია იყო ბაიკერი, რადგან მეტი რისკია…

-კარგი კითხვაა. უცხოეთში სხვა მოძრაობაა, იქ იცავენ წესებს, პატივს სცედმენ სიცოცხლეს, აქ კი მე ყოველ დღე მიწევს მძღოლებთან ბრძოლა. ყველა მძღოლის ნაცვლად მე ვფიქრობ!

ნანა თქვენ აღნიშნეთ, რომ არასოდეს ათხოვებთ ბაიკს სხვას…

-დიახ, რადგან ვერ გავრისკავ! ყველამ არ იცის როგორ უნდა ატაროს. როცა ჩემი ფედერაცია უფრო გაძლიერდება და შევძლებთ მოტომრბოლელთა ინტერესების დაცვას, მათთვის შესაბამისი განათლების მიღებას, ალბათ ჩემი დამოკიდებულებაც რიგი საკითხების მიმართ შეიცვლება.

როცა ბაიკზე ზიხარ რა უნდა გაითვალისწინო?

-შეიგრძენი შენი სიცოცხლე.გაითვალისწინე რომ შენ უნდა ატარო ბაიკი საქართველოში-იქ სადაც გზას არავინ გითმობს, შესაბამისად, გჭირდება უფრო მეტი დაკვირვება. უნდა იცოდე ერთი მნიშვნელოვანი წესი, როცა შენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და გარდაუვალია რისკი, გაუშვი ხელი ბაიკს და გადმოხტი-გადარჩენის შანსი მეტი გაქვს. არის ბევრი დეტალი, რომელსაც ჩვენ ფედერაციაში ვასწავლით.
ყველამ უნდა იცოდეს, ბაიკი არ არის”სიკვდილის მანქანა”, როგორც მოიხსენიებენ, ბაიკი ყველაზე კონფორტული ტრანსპორტია, ოღონდ, მას უნდა მართავდეს გონიერი, ძლიერი, ფსიქოლოგიურად ჩამოყალიბებული ადამიანი.

თქვენ  თქვით  რომ ბაიკი არ გაძლევთ დაბერების საშუალებას…

-ნამდვილად ასეა. მე ძალიან ბევრი პრობლემა მქონდა პირად ცხოვრებაშიც და ისეც, დღემდე მე და ჩემი მეუღლე ცალ-ცალკე ვცხოვრობთ.ის საბერძნეთშია, მე საქართველოში. კარგი ადამიანია, და იმედი მაქვს ერთად ვიქნებით. საკუთარ თავში სიძლიერე, სწორედ ამ პერიოდში აღმოვაჩინე, როცა გავაცნობიერე, რომ პრობლემების წინაშე აღმოვჩნდი. დავიწყე ფიქრი და მივხვდი, რომ ვიყავი არჩევანის ზღვარზე, ან დამამარცხებდა დეპრესია, ან უნდა ვყოფილიყავი ძლიერი ქალი. მამაჩემის დარიგებაც გამახსენდა, და დავიწყე ზრუნვა ჩემი ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაზე. დღემდე ვცხოვრობ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ვვარჯიშობ, ვიკვებები ჯანსაღი პროდუქტით. არ ვაძლევ თავს იმის უფლებას, რომ უარყოფითი ემოციები შემოვუშვა ჩემს სულში და რაც მთავარია, ვგრძნობ სამყაროს რეალურად! მყავს ერთი გოგონა, რომელიც ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქარია. ის მაბედნიერებს და ვხვდები, რომ მე ვადგავარ სწორ გზას. ეს ის გზაა, რომელიც ჩემი ბავშვობის ოცნება იყო- ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც ვარ!

ამბობენ, მამაკაცებს უფრო ნაზი ქალები მოსწონთ, მაგრამ როგორც მსმენია თქვენში ამ ენერგიულ, მოუსვენარ ქალში, შლემს მიღმა იმდენად ნაზი არსებაა რომ…

– სანამ ბაიკს დავუბრუნდებოდი, ძალიან ნაზი და ქალური ვიყავი, ანუ ოცდაათ წლამდე, მერე კი სხვა იმიჯი მოვირგე, უფრო ძლიერი და არა ნაზი, უფრო ხმაურიანი, მოუსვენარი და არა მშვიდი… მაგრამ ეს ჩემი იმიჯია.
ქალი უნდა იყოს ნაზი, მშვიდი, გაწონასწორებული, ქალური და სასურველი, მე ვარ ასეთიც, შესაბამის სიტუაციაში.

რას ეტყოდით ქართველ მამაკაცებს?

-დააფასეთ ქალბატონები, რომლებიც გილამაზებენ ცხოვრებას და თუ მოგწონთ ქალი ბაიკზე, თქვენს ცოლებსაც მიეცით ამის შესაძლებლობა. ქართველი ქალი განსაკუთრებულად ლამაზია, გამორჩეული ქალურობითა და ინსტიქტებით. ემოციითა და დამოკიდებულებით, როგორც მამაკაცის, ასევე ოჯახის მიმართ. უბრალოდ, მათ უფრო მეტი დაფასება სჭირდებათ.

როგორც ვიცი ფილმშიც გადაგიღეს და ბოლივუდშიც მიგიწვიეს

– ერთერთი ფილმის გადაღების დროს ვიყავი დუბლიორი და ძალიან მოვეწონე რეჟისორს. მიმიწვია ბოლივუდში, ეს ძალიან სასიამოვნო ფაქტია ჩემს ცხოვრებაში. თუ ამ წინადადებას უფრო სერიოზულად განიხილავენ, დიდი სიამოვნებით დავთანხმდები. რადგან ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, მივეჩვიე მძაფრსიუჟეტრიან კადრებს, ოღონდ რეალურ ცხოვრებაში…

სასწაფო დახმარების მანქანის მძღოლიც ხართ, ეს გადაწყვეტილება რატომ მიიღეთ?

-ჯერ ერთი იმიტომ, რომ შანსი მომეცა მეზრუნა სიცოცხლეზე. როცა გამოძახება გვაქვს, ვაცნობიერებ რომ მისი სიცოცხლე გარკვეულწილად, ჩემს სისწრაფეზეა დამოკიდებული. მე მაქვს ჩემი თავის იმედი ამ დროს, თუმცაღა ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ აცნობიერებს რომ სასწრაფოს გზა უნდა დაუთმოს… მე ამის გამო, მიწევს გარკვეული რისკების გაწევა.
არის არამიზნობრივი გამოძახებები, უნდა გავაცნობიეროთ, რომ როცა თავი გვტკივა ან სურდო გვაქვს, ამისთვის სასწრაფო არ უნდა გამოვიძახოთ. თუ ეს დამოკიდებულება გვექნება, ათასი სასწრაფოც რომ დაამატონ, მაინც არ იქნება საკმარისი.

ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა დააგვიანეთ გამოძახებაზე  მისვლა?

-კი ყოფილა ასეთი შემთხვევაც, მაგრამ როცა ვუხნით რის გამოც დაგვაგვიანდა, ხშირ შემთხვევაში ესმით, ამაში დიდ როლს ისიც თამაშობს, რომ მძღოლი ქალია… მე მომწონს, რომ ვარ სასწრაფო მანქანის მძღოლი. ვიბრძვით სოცოცხლის გადასაჩენად, ვზრუნავთ ადამიანებისთვის, ეს საოცარი გრძნობაა.
როცა გამოძახებაზე მივდივართ და გზას არ გვითმობენ, პოლიციის მოვალეობასაც ვასრულებ და იძულებული ვარ, მოვუწოდო მძღოლებს გაგვატარონ. იმ დროს ჩვენზე მეტად ვის ეჩქარება? ეს უნდა გავითვალისწინოთ!!! ამასთან დაკავშირებით აქციებიც იყო და შედეგიც უკეთესი გვაქვს საბედნიეროდ!

და ბოლოს

მადლობა ღმერთს რომ მომეცა საშუალება, ვიზრუნო ადამიანების სიცოცხლეზე. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე კი მაქვს იმის უნარი, ვასწავლო ყველა მოტომოყვარულს, როგორ დაიცვან საკუთარი თავი საფრთხისგან. ძალიან ბედნიერი ვარ რომ ეს შემიძლია. ეს ჩემი გზაა, რომელზეც სიარული მეამაყება, მაბედნიერებს და არასოდეს შევანელებ სვლას…

ესაუბრა თინა ღლონტი