slide
slide
slide

ქართველი დიზაინერის წარმატება პანამის მოდის ფესტივალზე

იყო დიზაინერი, ნიშნავს, ფლობდე საკუთარ თავს, ემოციას,უნარებსა და შესაძლებლობას, მართო ადამიანების გემოვნება. განსაზღვრო მათი დამოკიდებულება საკუთარი ხასიათისა და ჩაცმის სტილთან მიმართებაში. ეს ძალიან რთული, მაგრამ ამავდროულად საინტერესო საქმეა. კარგი დიზაინერი არასოდეს უჩივის იდეების ნაკლებობას, ის ყოველთვის პასუხობს დროს და გამოწვევებს თამამად ხვდება. მასზე საუბრობს მისი ნამუშევრები და ის ადამიანები, რომლებიც დროთა განმავლობაში მისი ხედვის ნაწილი ხდება.
საბედნიეროდ, ბევრმა ნიჭიერმა ქართველმა დიზაინერმა შეძლო საქართველოს სახელით, საზღვრებს გარეთ გაეტანა თავისი შემოქმედება და გაეცნო ფართო მასებისთვის. მაკა ნაცვლიშვილი ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც დაამსხვრია სტერეოტიპები, ჩარჩოები, რომელშიც მოქცეული იყო ქართული მოდა და ის უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი გახადა.
მისი შემოქმედბითი საქმიანობა ოცდაათ წელზე მეტს ითვლის,1984 წლიდან დაიწყო მოღვაწეობა ქართული და საერთაშორისო მოდის ინდუსტრიაში. მის სახელს უკავშირდება პირველი მოდის სახლი „ირიდა“, სტუდია „ნოემა“, ლათინური ამერიკის საერთაშორისო ფესტივალი „DIAS DE MODA-PANAMA” და სხვა…..
2000 წელს კი მიიღო გრანპრი წლის საუკეთესო დიზაინერის წოდებით.
ოცდაათწლიანი საქმიანობა საშუალებას აძლევს, ამ თემაზე თამამად ისაუბროს. ჯერ კიდევ მაშინ, როცა თბილისის ქუჩებში არეულობა იყო და იარაღს ისროდნენ, მაკა ჩვენებებს მართავდა. იყო წარმატებული ეტაპები, რომლებმაც შემდეგ მისი შემოქმედებითი კარიერა კიდევ უფრო წარმატებული გახადა. მის გემოვნებას ენდობოდნენ და დღემდე ასეა. ვფიქრობ, დიზაინერის წარმატების საიდუმლოც სწორედ ეს არის.
გარდა იმისა, რომ დიზაინერია, შესანიშნავად ხატავს. ქმნის მხატვრულ პოპარტს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ინტერიერის აქსესუარად, სახლსა თუ ოფისში. მისი კოლაჟი შექმნილია მაღალი ხარისხის შალისა და აბრეშუმის ქსოვილების და სხვა და სხვა მასალებისგან ( ნახევრად ძვირფასი თვლები, ბისერი და ა.შ)
მაკას ნამუშევრების განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ნამუშევრები ულტრაიისფერი განათების ქვეშ იღებენ სპეციალურ მანათობელ ეფექტს, რაც შესაძლებელს ხდის მათ გამოყენებას, როგორც საოჯახო, ასევე ბარებისა და კლუბების ინტერიერის დიზაინში.

პირველი ჩვენება ომის პარალელურად და წარმატებული კარიერის დასაწყისი

– 1984 წლიდან ვარ მოდის სფეროში. თავიდან კერძო პრაქტიკას გავდიოდი, შემდეგ იყო მოდის სახლი „ირიდა“, მოგვიანებით საკუთარი სტუდია „ნოემა“ დავაარსე. პირველი სატელევიზიო შოუები, ჩვენებები ჩემს სახელს უკავშირდება. ძალიან რთულ პერიოდში მომიწია შემოქმედებითი კარიერის დაწყება, მოგეხსენებათ 90-იანი წლების სისატიკისა და ომის შესახებ. მიუხედავად ამისა, ჩვენებებს ვმართავდი იარაღის სროლის ხმის პარალელურად, შიშის მიუხედავად ვაწყობდით საინტერესო პროექტებს, ამას დადებითი მხარეც ჰქონდა, რადგან იმ დროში განტვირთვის საშუალება იყო. ამ პერიოდში მე ვთქვი ჩემი სათქმელი, როგორც დიზაინერმა და ძალიან ბევრი მეგობარი აღმოჩნდა ჩემს გვერდით, რომლებიც ენდო ჩემს გემოვნებას, ხედვას და დღემდე ასე გრძელდება. ეს ფაქტი მაფიქრებს და მაძლევს მოტივაციას, რომ ეს ნდობა გავამართლო!

წარმატებული ადამიანების გვერდით

-მოხდა ისე, რომ ჩემთან თავიდანვე, როგორც მოდელები, თანამშრომლობდნენ ცნობილი სახეები, დინი ვირსალაძე, ქეთი ქობულია, ლიკა ქავჟარაძე, მაია კანკავა და სხვები… გარკვეულწილად, მათი როლი, ჩემი როგორც დიზაინერის წარმატებულ საქმიანობაში დიდია.
არარეალური სილამაზის გოგონები მყავდა ჩვენებებზე, მათი ლამაზი სხეული შესანიშნავად წარმოადგენდა პოდიუმზე ჩემს ჩანაფიქრს სამოსში.
იყო ინტერვიუები, მიწვევევი სხვადასხვა სატელევიზიო შოუებში, ჩვენი ფოტოები დაიბეჭდა ფრანგულ ” ვოგში” და ა. შ
სლავა ზაიცევიც ჩამოვიდა, რომ ჩვენი წამოწყება ენახა. ჩვენებებს დიპლომატიური კორპუსუს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შოურუმს რომ ვაწყობდით, საღამოს უკვე კოლექცია აღარ იყო, ყველაფერი იყიდებოდა.
ჩემი ბიზნეს ჩანაფიქრი განვახორციელე და ეს ჩემთვის, როგორც დიზაინერისთვის შემოქმედებითობის განმსაზღვრელი აღმოჩნდა.

ავანგარდული მოდის ანსაბლეა

-ავანგარდული მოდის ანსაბლეაშიც მივიღე მონაწილეობა, ეს საოცარი პერიოდი იყო. კიდევ უფრო გამიცნო საზოგადოებამ და ფართო მასებისთვის მისაღები გავხდი, როგორც დიზაინერი.

პანამის ფესტივალი და დაუვიწყარი ოთხი დღე კუბაში, ჰავანაზე

-2007 წელს პანამის მერისა და ფესტივალის ორგანიზატორების მიწვევით, პანამის მოდის ფესტივალზე საპატიო სტუმრისა და მონაწილის სტატუსით ვიყავი, სადაც ჩემს კოლექციას ძალიან დიდი მოწონება ხვდა წილად, ასაევე დიდი ყურადღება იყო პრესისა და მედიის მხრიდან და წერდნენ რომ ეს იყო კოლექცია მოდასა და ხელოვნებას შორის. მქონდა უამრავი ინტერვიუ, მიმიწვიეს პანამის წამყვან ტელეშოუებში. მომდევნო წლისათვის ფესტივალის ორგანიზატორებმა საფესტივალო 45 წუთი დამითმეს. მე დიდი სურვილი მქონდა რამოდენიმე ქართველ დიზაინერთან ერთად, ქართული მოდის სახელით წარვმდგარიყავით მომდევნო ფესტივალზე, სამწუხაროდ ეს არ განხორციელდა…

ყველაფერი სამოსის დიზაინზე

-ჩემი სტრატეგია ქალებს უკავშირდება, ვქმნი ყველა ასორტიმენტის სამოსსა და აქსესუარებს, განსაკუთრებით მიყვარს სადღესასწაულო და საქორწილო კაბებზე მუშაობა. პერიოდულად მამაკაცის კოსტიუმებსაც ვქმნი.

ქართული მოდა და კონკურენცია

-ერთი რამ უნდა დავიმახსოვროთ: დიზაინერის წარმატებას განსაზღვრავს არამარტო მისი ნიჭი და შრომისმოყვარეობა, არამედ, ჯანსაღი კონკურენტუნარიანი გარემო! მე არ ვისაუბრებ ვინ, ან რატომ არ მომწონს, მაგრამ თამამად გეტყვით ვინ მომწონს, სალომე ტყაბლაძე, ელოში, ლაკო ბუკია, თამუნა ინგოროყვა, გიორგი შაღაშვილი და ბევრი სხვა ახალგაზრდა დიზაინერი. მომწონს მათი დამოკიდებულება და ხედვა სტილთან მიმართებაში. მომწონს რომ აქცენტს აკეთებენ ხარისხსა და მრავალფეროვნებაზე. სწორედ ამიტომ, თითეული ნამუშევარი საინტერესო და განსაკუთრებულია. ვთვლი რომ მაკა ასათიანმა დიდი როლი შესრულა ქართული მოდის პოპულარიზაციაში და გულდასაწყვეტია რომ იგი დღეს ქართულ ბაზარზე არ მოიაზრება.

თბილისის მოდის კვირეულები

-ჩემი აზრით, თბილისში ერთი და ძლიერი კვირეული უნდა იყოს, რადგან საქართველოს არ გააჩნია არც დიზაინერების, არც მოდელების და არც ფინანსური რესურსი საიმისოდ რომ ორზე გაიყოს. ხოლო თუ პროდუქტმა, ამ შემთხევევაში მოდის კვირეულმა, დუღილის ტემპერატურას არ მიაღწია, სასურველი შედეგი ვერ დაიდება და ქართული მოდა ღირსეულ ადგილს ვერ დაიკავებს ევროპულ ბაზარზე, ან ამ პროცესს ძალიან დიდი დრო დასჭირდება რისი ნიშნებიც სახეზეა.

რაც შეეხება თბილისის მოდის კვირეულებს, ბოლო მოდის კვირეულებზე მომეწონა რამდენიმე კოლექცია, წინა წლებთან შედარებით ორგანიზებაც ბევრად უკეთესი იყო.

ქართული მოდა დღეს

-კავკასიაში ქართველები ყველაზე მოდური და გემოვნებიანი ხალხი ვართ.ეს ცნობილი ფაქტია.შესაბამისად, ვთვლი, რომ მოდურად ჩაცმული საზოგადოება უფრო მეტი გვყავს საბედნიეროდ, ვიდრე უგემოვნო. ქართულმა მოდამ განვითარების რთული ეტაპები გაიარა, უფრო განვითარდა და დაიხვეწა. უფრო მეტი პოტენციალი გვაქვს მსოფლიო მოდის გამოწვევებს ვუპასუხოთ, მთავარია არ დავკარგოთ ინდივიდუალიზმი და მიმბაძველობის მანიამ არ გვძლიოს!
ჩვენ თვითონ უნდა შევქმნათ ახალი და განსაკუთრებული, ავანგარდული, საინტერესო და მრავალფეროვანი. დღეს ამის შესაძლებლობა აქვთ დიზაინერებს. მე რომ პირველი ნაბიჯები გადავდგი ამ სფეროში, სულ სხვა დრო იყო… ამასთან შედარებაც არ შეიძლება. ამიტომ ხშირად უკვირთ და მეუბნებიან, თუ როგორ მოვახერხე ეს!
როგორ მოვახერხე?-მარტივად! უბრალოდ ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, ვარ შრომისმოყვარე და რასაც ვაკეთებ, ზუსტად ვიცი რატომ ვაკეთებ!

წარმატებული დიზაინერის წარმატების ფორმულა

-ჩემი წარმატების საიდუმლო, ძლიერი ადამიანების, პროფესიონალების გარემოცვაა, რომლებიც ჩემთან ერთად მუშაობენ და დიდი მადლობა მათ ყველაფრისთვის! ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მე სწორად ვარჩევ ადამიანებს, რომლებიც ჩემს პირად და პროფესიულ სივრცეში შემომყავს.
სამოსის დიზაინის შექმნაში, ძალიან მეხმარება ჩემი შინაგანი დამოკიდებულება ყველასა და ყველაფრის მიმართ. ქსოვილის მხატვრული აღქმა და ფერთა სინთეზი ქმნის რაღაც საოცარსა და განსაკუთრებულს. დიზაინერის ინდივიდუალურ ხედვასაც სწორედ ეს განსაზღვრავს. დიზაინერი როცა არ უჩივის იდეების ნაკლებობას, ის გაუძლებს დროს და ყოველთვის იქნება აქტუალური.

მიცკევიჩის 15 ატელიე “მაკატერინე”

-ეს არის ადგილი, სადაც მოსულ ადამიანს შეუძლია შეაფასოს თუ ვინ არის მაკა ნაცვლიშვილი, რას ქმნის და რაზე მუშაობს, გახდეს ამ საქმის თანამონაწილე და გაიზიაროს ჩემი იდეები. ეს არის ადგილი, სადაც მე ყოველთვის შემოქმედებით პროცესში ვარ.

ხატვის პროცესში…

ხატვა – ეს ის სფეროა, რომელშიც დიზაინისგან განსხვავებით უპირობოდ ვმუშაობ. სამოდელო ბიზნესი მეტ გათვლას და პრაგმატულ მიდგომას ითხოვს, ხატვა კი ჩემთვის რელაქსაციის, განტვირთვის, საკუთარ თავთან დარჩენის, სრული სულიერი ჰარმონიის მიღწევის საშუალებაა. სწორედ ხატვისას ვახერხებ ჩემი შინაგანი სამყაროს საუკეთესოდ წარმოჩენას.
თავიდან, ნახატში, უფრო რუხ ტონებზე ვმუშაობდი, მაგრამ მეგობარმა თამრიკო ფოცხიშვილმა ფლუროცენტული გუაში, თანამედროვე ტექნოლოგიებით მიღებული საღებავი მაჩუქა, რომელსაც მხატვრები, როგორც წესი, არ იყენებენ. ამ საღებავის გამოყენება ინტენსიურად დავიწყე, თუმცა მისი ეფექტის შესახებ არაფერი ვიცოდი. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ქალაქში შუქი ხშირად ითიშებოდა. სახელოსნოში მეგობრები მყავდა სტუმრად და როდესაც წავიდნენ, გზა სანთებელით გაინათეს, რომელსაც ულტრაიისფერი გამოსხივების მქონე პატარა ნათურა ჰქონდა. სწორედ მათ შენიშნეს, რომ ჩემი ნახატები ანათებდა. ეს საოცარი აღმოჩენა იყო…

საზღვარი მოდასა და ხელოვნებას შორის

-საზღვარი მოდასა და ხელოვნებას, კონკრეტულად ხატვას შორის გადის სწორედ იქ, სადაც ჩემი სული სრულ ჰარმონიაშია გრძნობასთან და გონებასთან. როცა ვქმნი სამოსს ვგრძნობ, მის ესთეტიურობასა და სილამაზეს, მთელი გულით ვუდგები საქმეს, მხატვრულ ჭრილში განვიხილავ ყოველ დეტალს. როცა ვხატავ, მაშინ კი საკუთარი სულის საზღვრებს ვამსხვრევ და სადღაც უსასრულობაში ვმოგზაურობ…

მაკა ნაცვლიშვილის სამყარო

-ჩემი სამყარო ჩემი შემოქმედებაა, დანარჩენი კი თქვენ უნდა შეაფასოთ. მიჭირს საკუთარ თავზე საუბარი. მე ვარ ის, როგორსაც მიცნობენ მეგობრები და მათი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია.
უბრალოდ მიყვარს ადამიანები, რომლებსაც აქვთ სიკეთის სხივი თვალებში, რომელთაც შეუძლიათ თანადგომა და რომლებსაც შეგიძლია რომ ენდო.

მაკა ნაცვლიშვილის პროტესტი

-მიუხედავად იმისა, რომ ხატვა ჩემი სამყაროს…სულიერი სამყაროს განუყოფელი ნაწილია და მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია… ამ ბოლო პერიოდში აღარ ვხატავ, რაღაც მოხდა ჩემში რამაც ეს განაპირობა… ამაზე საუბარი მიჭირს….დიდი ხანია არაფერი დამიხატავს.

და ბოლოს

-მადლობა ინტერვიუსთვის, ასევე, მადლობა თითეულ ადამიანს, ვინც გულშემატკივრობს ჩემს შემოქმედებას და ჩემი ყოველი წარმატება ახარებს! მადლობა მათ, რომ არსებობენ ჩემს ცხოვრებაში!

ესაუბრა თინა ღლონტი