slide
slide
slide

გაგა ნახუცრიშვილის ფიქრების ზღვაში…

 

 

 

 

 

“არა, მეგობარო, არა ღირს სიმშვიდე,

არა ღირს იყვირო, გაჩუმდე მორცხვად,

არა ღირს სიყვარულს, სიხარულს იმკიდე,

ტალახში გასვრიან სიწრფელეს როცა”

დღეს ჩვენი სტუმარია, ამ უკიდეგანო ემოციის, უსაზღვრო გრძნობებისა და სიყვარულის ადამიანი-პოეტი გაგა ნახუცრიშვილი. ადამიანი, რომელმაც გაუძლო დროს და თავისი ფიქრებით, აზრებით ცხოვრობს ადამიანთა შთაგონებაში, გრძნობებსა და მეხსიერებაში.
იყო პოეტი, ნიშნავს, მთელი  სამყარო ატარო გულით, გონებით… მზერით შეიგრძნო მისი სიდიადე. ჩაწვდე სამყაროს სულს და იგრძნო მისი გულისცემა. გაგა ნახუცრიშვილმა ეს შეძლო, რადგან ის უყვართ, მისი ესმით, უხარიათ მასთან ურთიერთობა, საუბრობენ მისი ლექსებით. ვფიქრობ, ეს ყველაზე დიდი გამარჯვებაა პოეტისთვის!
როგორც გაგამ აღნიშნა, უბრალოება და გულწრფელობაა ის დიდი ძალა, რომელიც ადამიანებს, სულის საზღვრამდე და საზღვრებს მიღმა სამყაროსთან აკავშირებს…სწორედ ამიტომ, წერს იმას, რასაც გრძნობს, ხედავს და აღიქვამს…
გაურბის ინტერვიუებს, საკუთარ თავზე საუბარს, სწორედ ამიტომ, მადლობა მას, რომ დაგვთანხმდა ინტერვიუზე და ყოველ კითხვას გულწრფელად უპასუხა.

სიყვარულის გზა ზღაპრიდან პოეზიამდე

-არასოდეს მიფიქრია, არ დამიგეგმავს, რომ ვყოფილიყავი პოეტი, დავწერდი ლექსებს, გავმართავდი პოეზიის საღამოებს და ამ კუთხით გამიცნობდა საზოგადოება. ჩემს სულსა და გულში ყოველთვის ცოცხლობდა სიტყვები, სტრიქონები, ამას ვგრძნობდი და ვიცოდი, რომ ოდესღაც, რაღაც დაიწერებოდა, რადგან რთულია, ამდენი სათქმელი ატარო გულით. ექვსი წლის ვიყავი, როცა ზღაპარი დავწერე და იმდენად გულუბრყვილო იყო, რომ ყველას გაეცინა. მერე იყო პატარა ლექსები, ჩანაწერები …მე დღესაც არ ვუწოდებ ჩემს თავს პოეტს, უბრალოდ ვწერ იმას, რასაც ვგრძნობ, ვხედავ… რისიც მჯერა… ვცდილობ ყოველთვის გულწრფელი ვიყო, რადგან სხვაგვარად ვერ წარმომიდგენია.

პირველი შეფასება

-პირველად კინოს სახლში გამოვედი ჩემი ლექსებით და იქედან დაიწყო ყველაფერი. ეს ჩემი სტუდენტობის პერიოდი იყო, სამოქალაქო ომის დაწყებამდე, ჩემი ცხოვრების ხავერდოვანი ხანა, რომელიც ხშირად მენატრება. მერე გამოიცა ჩემი კრებულები:
„უაზრო მგზავრი“ – 1996წ. გამომცემლობა „საარი“
„სიმარტივე“ – 2000წ. გამომცემლობა „საარი“
„გამგზავრება და მოლოდინი“ – 2002წ. გამომცემლობა „საარი“
„უცაბედად“ – 2006 წ. გამომცემლობა „საარი“
„სხვანაირი დრო“ – 2007წ. გამომცემლობა „საარი“
„გოგო და ევროპა“ – 2009წ. გამომცემლობა „საარი“
„ჰრიზონტს იქით“ – 2011წ. გამომცემლობა „პალიტრა“
„სტროფი“ – 2012წ. გამომცემლობა „სიესტა“
„ორი ათას ცამეტი“ – 2013წ. გამომცემლობა „სიესტა“
საერთოდ მიყვარს ურთიერთობები, ადამიანებთან კომუნიკაცია, ვკითხულობ ლექციებს ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში“, მომწონს სტუდენტებთან ურთიერთობა. რატომღაც მოხდა ისე, რომ ჩემს პოეზიას ყოველთვის განსაკუთრებული მსმემნელი და მკითხველი ჰყავდა, დღესაც ასეა, ამას ვგრძნობ და მადლობელი ვარ.

თანამედროვე პოეზია

-საბედნიეროდ, ნიჭიერი უფრო მეტი გვყავს ვიდრე უნიჭო. მთავარი ის კი არ არის, რომ ვინმე უნიჭოდ წერს, მთავარია, რომ მას აქვს სურვილი წეროს, გესაუბროს. ეს მარტო საქართველოში არ ხდება. ეს ყველგან ასეა. გარდაუვალი პროცესია, რომელშიც იზრდებიან, ყალიბდებიან, იხვეწებიან პოეტები. ის ვინც ნიჭიერია რჩება, ყოველთვის აქტუალურია, ვინც არაფერს ქმნის ღირებულს, თავისთავად ქრება. ბევრი ახალბედა მწერალი და პოეტი გვყავს, მე ვუსმენ მათ და მიხარია, რომ ბევრნი არიან, გამოხატავენ საკუთარ გრძნობებს. ეს ხომ ძალიან კარგია. არ დავასახელებ, ვინ მომწონს და ვინ არა. ეს სწორი დამოკიდებულება არ იქნება. იმედი მაქვს, რომ საკუთარ თავზე იმუშავებენ და განვითარდებიან.

კრიტიკა

-კრიტიკა საჭიროა. მიმიღია, გამითვალისწინებია, თუ არ გამითვალისწინებია, დავფიქრებულვარ მაინც, რადგან დროის სხვადასხვა ეტაპზე, საკუთარი დამოკიდებულებების გადაფასება ხდება… მერე სხვანაირად ხედავ, გრძნობ, გესმის. ადამიანი მარტივად უნდა აღიქვამდე სამყაროს, რეალობას. სიმარტივე ხომ ყველაზე რთული მისაღწევია.

მიკრო გარემოში…გრძნობებში…

-მე მაქვს ჩემი მიკრო სამყარო, რომელიც მეხმარება რომ საკუთარი თავი არ დავკარგო, ვწერო და უბრალოდ, ვიცხოვრო.

პოეზიის საღამოზე

-როცა საკუთარ ლექსებს ვკითხულობ, ყოველთვის ვნერვიულობ. არ ვიცი რატომ, ალბათ იმიტომ, რომ ვცდილობ სტრიქონების საშუალებით გავცე ყველაფერი, რაც ძვირფასია ჩემთვის, ვცდილობ ეს ყველაფერი მარტივად, გასაგები ენით გამოვხატო და როცა ვხედავ, რომ მსმენელსაც ესმის, მიხარია. რასაც გავცემ, იმის ნახევარი ემოციაც რომ დამიბრუნდეს, თუნდაც ღიმილის სახით, კმაყოფილი ვიქნები.

მაქსიმალისტი და საკუთარი თავით უკმაყოფილო

– საკუთარი თავით კმაყოფილი არასოდეს ვარ, ყოველთვის ბევრს ვითხოვ. მიხარია იმის შეგრძნება რომ სიყვარული უსაზღვრო და უკიდეგანო უნდა იყოს. თუ გიყვარს, ბოლომდე უნდა გიყვარდეს. პატიებაც შემიძლია. ვფიქრობ, რომ ესეც ნიჭია.

სიყვარულით გაკეთებული საქმის ფასი

-მიმაჩნია, რომ ნებისმიერი საქმე უნდა აკეთო სიყვარულით. არ მომწონს, როცა ამბობენ “წარმატებული ადამიანი”, უფრო სწორია ნიჭიერი ადამიანი. წარმატება არ უნდა იყოს თვითმიზანი… თვითმიზანი უნდა იყოს ის, რომ საქმეს, რომელსაც ემსახურები აკეთო სიყვარულით. რას ნიშნავს წარმატებული? ანუ ის ვინც ჩანს, წარმატებულია? ბევრი ნიჭიერი მინახავს რომელიც არ ჩანს, მაგრამ ბევრად “წარმატებულია” იმაზე, ვინც ვარსკვლავად ვაქციეთ.
ნებისმიერ საქმეს რომელსაც ვაკეთებთ სიყვარულით, აქვს კარგი შედეგი. ურთიერთობებიც ასეა, რაც უფრო გულწრფელები ვართ და არ ვთამაშობთ, უფრო ახლოს ვართ და გვესმის ერთმანეთის.

“ჩაბეტონებული” თბილისი და ურთიერთობები

-თბილისი, ძალიან თბილი და ლამაზი ქალაქია, რომელიც დავამახინჯეთ, ჩავაბეტონეთ… ეს პროცესი ახლაც გრძელდება. ვაბეტონებთ, როგორც მის ვიზუალურ მხარეს, ასევე ურთიერთობებს.
ჩვენ გვმართავს ქაოსი, რომელშიც ადგილს ვერ ვპოულობთ. არ გვესმის ერთმანეთის, ვერ ვხედავთ, ვერ ვგრძნობთ ერთმანეთს. ეს ცუდია… ჩვენ ვქმნით და ჩვენვე ვანადგურებთ ყველაფერს, რის გამო?-აი ამაზე პასუხი არ გვაქვს.
ბევრი კატაკლიზმები დაგვატყდა თავს, ბევრ სისასტიკეს მოვესწარით. ამ ყველაფერმა ალბათ, ხედვა და სული დაგვიმახინჯა, მაგრამ თუ მოვინდომებთ, ამასაც მოვერევით. სხვა გზა არც არის. რაც არ უნდა ბანალური იყოს, ჩვენ სიყვარული გვაკლია, ერთმანეთის მიმართ უფრო ადამიანური დამოკიდებულება რომ გვქონდეს, უფრო მეტად ვიგრძნობდით თავს ბედნიერად.

ფიქრების ზღვა

-ყოველ ღამით როცა ვწვები, მინდა რომ მარტივად მეძინებოდეს, მაგრამ ასე არ ხდება. ჩემდა უნებურად აღმოვჩნდები ხოლმე ფიქრების ზღვაში, ვებრძვი ცხოვრების რეალობის ტალღებს და ამ ბრძოლაში მეძინება. ვფიქრობ ადამიანებზე, ურთიერთობებზე, ჩადენილ შეცდომებზე.

სიტყვის ძალა

-ყველა სიტყვა ლამაზია, თუ მას სწორად იტყვი და არა უადგილოდ. სიტყვას დიდი ძალა აქვს, იმდენად დიდი ძალა, რომ ადამიანში აღძრავს ემოციებს. სწორედ ამიტომ, სიტყვის სილამაზე და გამომსახველობა ემოციის სიჯანსაღეს განსაზღვრავს.

“ქართული საზოგადოება”

-ვერ ვიტყვი, რომ ძალიან კარგები ვართ, მაგრამ უფრო კარგები ვართ, ვიდრე ცუდი და ესეც ალბათ, იმიტომ, რომ ადამიანობა ჯერ კიდევ შემოგვრჩა. მიჭირს ამაზე საუბარი, არ მინდა ვინმეს გული ვატკინო. მხოლოდ იმას გეტყვით, რაც ზემოთ უკვე ავღნიშნე-შინაგანი თავისუფლება, სილაღე დავკარგეთ… სიყვარული გვაკლია. საჭიროა, მეტი სიახლოვე, საუბარი, ცოცხალი კონტაქტი და არა მხოლოდ ტელეფონით, ინტერნეტით ურთიერთობა. დააკვირდით რა ხდება კაფეებსა თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ერთმანეთს კი არ ვესაუბრებით, თითქოს ერთმანეთს ვერ ვგრძნობთ, ტელეფონს დავცქერით და ეს გვართმევს ურთიერთობის ძვირფას წამებს.

პოლიტიკა და პოეზია

პოეტი, მუდამ ოპოზიციაში უნდა იყოს. პოლიტიკის დრო, ასეთი რამ არ არსებობს. პოლიტიკოსები ხომ ჩვენ უნდა გვემსახურებოდნენ.

ცხოვრება ომის გარეშე

-ცხოვრება ომის გარეშე? წარმოუდგენელია. სულიერი ომი ადამიანის შინაგანი სამყაროს ბუნებრივი მდგომარეობაა. ეს კატაკლიზმები, სასტიკი ომები კი ვირუსია, სამყაროს ვირუსი, კაცობრიობის დამთრგუნველი. შინაგანი ომები კი მამოძრავებელი ძალაა.

სრული ბედნიერებისთვის…

-სრული ბედნიერებისთვის საჭიროა თავისუფლება, სიყვარული. ბედნიერი თუ ვარ? ნაწილობრივ კი.

ცხოვრების მთავარი მიღწევა

-საკუთარი თავი ვიპოვნე, მგონი, ნაწილობრივ მაინც.

მთავარი რჩევა…

-მნიშვნელობა არ აქვს, რა საქმეს აკეთებთ, მნიშვნელობა აქვს იმას, ამ საქმეს აკეთებთ თუ არა სიყვარულით. ნებისმიერი საქმე მადლიანია, თუ ის სიყვარულით, ადამიანების და ქვეყნის კეთილდღეობისთვის კეთდება.

შემოქმედებით პროცესში და სიახლეების მოლოდინში

-წლის ბოლოს გამოვცემ, ჩანაწერების კრებულს. ვმუშაობ, რომანზე. ლექსების ახალი კრებულის გამოცემაც მინდა, მაგრამ არ ვჩქარობ, თითქოს ჯერ არ მომწიფებულა. საერთოდ, ჩემს სფეროში რამის დაგეგმვა უაზრობაა, ეს ხომ სპონტენური პროცესია.

რა თვისებები უნდა ჰქონდეს პოეტს, რომ მისმა შემოქმედებამ გაუძლოს დროს?

-ასეთი რეცეპტი არ არსებობს, თუ სადმე მივაგენი, აუცილებლად გეტყვით.

ქალი და პოეზია

-ქალის გარეშე ხომ პოეზია არ არსებობს. მგონი, არც პროზა. რა თქმა უნდა, ქალისადმი სიყვარული წერის განწყობას გიქმნის.

რა გრძნობაა იყო პოეტი, არის თუ არა ეს პასუხისმგებლობა?

-პასუხისმგებლობაა, როცა შენს ნაწერს აქვეყნებ. არ უნდა იჩქარო. რა გრძნობაა იყო პოეტი?! დამიჯერეთ, არასდროს მიფიქრია.

რას ნანობ?

-ძალიან ბევრ რამეს, ჩამოთვლაც კი გამიჭირდება.

რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში?

-ნაკლებ დროს დავკარგავდი, მაგრამ დროს ერთი ძალიან ცუდი თვისება აქვს, დაკარგვა უყვარს.

პესიმისტი ხარ თუ ოპტიმისტი?

-ალბათ, ორივე.

რომელ დროში იცხოვრებდი?

-ყველა დრო, თავისებურად საინტერესოა.

და ბოლოს…

მიყვარხართ და შეხვედრამდე…

ესაუბრა თინა ღლონტი