slide
slide
slide

ქალაქს უჭირს სუნთქვა! – გელა პაპიაშვილი

მხატვრობა ფილოსოფიაა, თავისი ფილოსოფიური მიმდინარეობებით, რომელიც სიღრმისეული ფესვებით მხატვრის გონებასა და სულიერ სამყაროს ერთიანად იპყრობს და მისი შთაგონების ნაწილი ხდება, სწორედ ამიტომ, მხატვრობა ამოუწურავია, შეუცნობელია. საბედნიეროდ, ბევრი ნიჭიერი ქართველი მხატვარი გვყავს, რომელთა ნამუშევრებიც ნათელი მაგალითია იმისა, რომ ნიჭიერება იხსნის ქართულ კულტურასა და ხელოვნებას. მე დღეს ერთ ახალგაზრდა ნიჭიერ მხატვარზე, გელა პაპიაშვილზე მინდა გიამბოთ, ვფიქრობ, თანამედროვე ხელოვნებაში ძალზე იშვიათია მსგავსი გავლენის, ასე რაფინირებული და მკაფიოდ სტრუქტუირებული შედეგები, როგორსაც ვხედავთ გელა პაპიაშვილის შემოქმედებაში.
მისი ხედვა განსაკუთრებული და მრავალფეროვანია იმდენად, რამდენადაც მისი სულიერი დამოკიდებულება საკუთარი შემოქმედებისადმი. მან შეიმუშავა უკიდურესად დახვეწილი ენა მხატვრობისა, როგორც ფორმალური, ასევე კონცეპტუალური თვალსაზრისით, რომლითაც ძალიან ხატოვნად და გულწრფელად გვესაუბრება თავის ნამუშევრებში.
გელა პოპიაშვილი 27 წლის არის, 5 წლის იყო, როცა მიხვდა რომ სამყარო უნდა დაეხატა და ამაში ხელს ვერავინ შეუშლიდა. მისი ამბიციური, დაუმორჩილებელი ხასიათი მისი შემოქმედებითი წარმატების საფუძველი გახდა. დღეს, მას უკვე აქვს თავისი ავტორიტეტი მხატვართა წრეებში. აქტიურად იღებს მონაწილეობას გამოფენებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებებში, ჰქონდა თავისი ნამუშევრების პერსონალური და ჯგუფური გამოფენაც. ახლახანს თავისი ნამუშევრები წარადგინა არტ-ფესტივალზე. ნიჭიერი მხატვარი ამ ფორმით ცდილობს, მაქსიმალურად გააცნოს თავისი შემოქმედება ხელოვნების მოყვარულ საზოგადოებას, მაგრამ, როგორც თავად აღნიშნა, ბევრ პრობლემას აწყდება, რომელიც ხელს უშლის უფრო წინ წავიდეს და განვითარდეს როგორც მხატვარი. თუ რა გარემოში უწევს მუშაობა და რა მოლოდინი აქვს მას, ესმის თუარა თანამედროვე მხატვრობის ენა და რა არის მისთვის ღირებული, ყველაფერს ინტერვიუდან გაიგებთ.

როგორია სამყარო, რომელშიც ცხოვრობს მხატვარი გელა პაპიაშვილი?

ვერ გეტყვით, რომ ფერადი და დადებითი ემოციებით არის სავსე, იმდენად თბილი ტონებია, რომ განწყობაც განსაკუთრებულია, რადგან თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რა გარემოშიც ვცხოვრობთ. ქვეყანა, სადაც კულტურა და ხელოვნება მეოერეხარისხოვანია და “ბრძოლა გადარჩენისთვის” დასაწყისშივე კლავს ხელოვანის სულს, რთულია მიიღო სიამოვნება საკუთარი შემოქმედებითი ნიჭის შეგრძნებით. სურვილი იმისა, რომ უცხოეთში უნდა აკეთო შენი საყვარელი საქმე, რადგან იქ უფრო მეტი პერსპექტივაა, დამთრგუნველია… როცა მხატვრისთვის მუზა არის ქართული სული, რთულია მისთვის, გააცნობიეროს ეს მწარე რეალობა. მე არ ვაპირებდი ამ თემებზე საუბარს, მაგრამ ვფიქრობ უნდა ვისაუბრო, რადგან ჩემზე უფროსი თაობაც ზუსტად ამაზე საუბრობს, მათ მეტი იციან და რასაც ისინი საუბრობენ, მე საკუთარ თავზე გამოვცადე. ვხატავ მაგრამ ვისთვის? მიყვარს ჩემი საქმე, მაგრამ ხელოვნებას სჭირდება განვითარება, განვითარებას კი ფინანსური და ადამიანური მხარდაჭერა….
მე ვიცნობ მხატვრებს, რომელთაც ზეთის და ტილოს შესაძენი თანხაც არ აქვთ და შესაბამისად, მათში ხელოვანის სული კვდება. და იცით რატომ? ხელოვნება და კულტურა მეორეხარისხოვანი გახდა. დღეს აქტუალური მხოლოდ პოლიტიკაა, “ხელოვნური პოლიტიკა” და არა ჯანსაღი აზრი… რომელმაც უნდა მართოს ქვეყნის ინტერესები და პრიორიტეტები.

ხელოვნება და პოლიტიკა

ხელოვნება პოლიტიკა არა არის. პოლიტიკა თამაშია, ხელოვნება კი სამყაროა, სადაც ადამიანი სულიერად იზრდება და ყალიბდება პიროვნებად. მხატვრობა, პოეზია, კინო, თეატრი ეს ჰაერია, წყალია, რომლის გარეშეც ერი განწირულია. ეროვნულობას განსაზღვრავს ქვეყნის კულტურა და ხელოვნება, რომელსაც ქმნის შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები, რომელთაც სამწუხაროდ, სათანადოდ აღარ აფასებენ.
ჩვენ ვქმნით, ვმუშაობთ, მაგრამ ჩვენს შრომას ფასი არ აქვს, მოსწონთ, მაგრამ მეტი არაფერი…
ჩვენ ვერ ვაშენებთ კულტურას, მაგრამ შევძელით თბილისის ჩაბეტონება… თუკი სადმე მიწის ნაკვეთს ვნახავთ, ყველგან შენობებს, კორპუსებს ვაშენებთ. ვჭრით და უმოწყალოთ ვჩეხავთ ხეებს, ვაბინძურებთ მდინარეებს, ქალაქის ქუჩებს… არ ვუთმობთ გზას სასწრაფოს, განვიკითხავთ ერთმანეთს, არ ვიცით როგორ მოვიქცეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა თუ ოჯახში. ჩვენი პროფესია პოლიტიკოსობაა, იმის განხილვა, რაც არ გვესმის, იცით რატომ მივედით აქამდე?  “ჩვენ გვჭირს ეროვნული გამოთაყვანება”, ეს მოახერხეს…
გვინდა თეატრი, კინო, მხატვრობა, შემოქმედებითობა, სულიერი საზრდო გვაკლია, რობოტებად ვიქეცით, მარტივად ვიმართებით…

გამოსავალი…

არ გეგონოთ ფარხმალი დავყარე და არ ვაპირებ წინსვლას, უბრალოდ, ვაკვირდები ქალაქს, პროცესებს და რასაც ვხედავ, ვგრძნობ ამაზე გესაუბრებით. ასე გაგრძელება არ შეიძლება. როცა ადამიანს თავისი საქმე უყვარს და მისი სულის ნაწილია, ის განვითარებას არასოდეს შეწყვეტს, არ გაჩერდება… მხატვარი იმიტომ არის მხატვარი, რომ უნდა ხატოს, მუსიკოსმა კონცერტები გამართოს, მაგრამ დღეს ქართული შოუბიზნესის მდგომარეობა რესტორანში სიმღერაა. ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდებს ხელფასებს არ უნდა ვუმცირებდეთ, მათ აქვთ სათანადო დამსახურება და მეტი პატივისცემა, მხარდაჭერა სჭირდებათ.
ამდენი კორპუსის აშენებას სჯობს, საგამოფენო დარბაზები ააშენონ კულტურული ღონისძიებებისთვის. ხეები დარგონ, გაამწვანონ, ქალაქს სუნთქვა უჭირს!

ალბათ, ბევრი არ დაგეთანხმებათ ამ შეფასებებში 

მერწმუნეთ, ვინც დამეთანხმება, ისინი უფრო ბევრი ვართ საბედნიეროდ და ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ გვაქვს ძალა გამოსწორდეს ყველაფერი.

მინდა თქვენს შემოქმედებას დავუბრუნდე, როგორც ვიცი ბავშვობიდან ხატავთ…

ჯერ კიდევ 5 წლის ვიყავი როცა ვგრძნობდი, რაღაც არ მასვენებდა, თვალებს რომ დავხუჭავდი თითქოს მთელი სამყაროს პეიზაჟს ვხედავდი და თითებით მონახაზებს ვაკეთებდი ჰაერში, ჩემებს უკვირდათ და მეკითხებოდნენ თუ რატომ ვიქცეოდი ასე. მაშინ მიჭირდა საკუთარ ემოციებზე და სამყაროსადმი დამოკიდებულებაზე საუბარი. დრო გადიოდა, ვგრძნობდი რომ მეცვლებოდა შეხედულებები. დავიწყე ხატვა, ნახატებს ვასრულებდი ფანქარში, კარგი პედაგოგი მყავდა, მის რჩევებს ყოველთვის ვითვალისწინებდი. მერე სოხუმის სამხატვრო კოლეჯში ჩავაბარე, იქ მიღებული ცოდნა დამეხმარა დამეხვეწა შემოქმედებითი ხედვა, შესრულების ტექნიკა, ხარისხი.

სად იქმნება თქვენი ნამუშევრები?

ლოტკინზე, საკუთარ სახლში მაქვს პატარა სახელოსნო, სადაც დიდ დროს ვატარებ, იქ იქმნება ჩემი ნამუშევრებიც. მოდიან ჩემი შემოქმედებით დაინტერესებული ადამიანები და სიამოვნებით ვუმასპინძლდები მათ. ჩემი შემოქმედებისთვის არ არსებობს კონკრეტული მიმართულება, საზღვარი, მიყვარს მრავალფეროვნება. ვხატავ ტილოზე ზეთით… პორტრეტებს, პეიზაჟებს, მომწონს სიმბოლიკა და გრაფიკა, ვმუშაობ რელიგიურ, პატრიოტულ თემებზეც….იქ სადაც არ არსებობს საზღვარი, უფრო მეტია შთაგონება..

სხვა სამყარო…

როცა ვხატავ, ვგრძნობ რომ მარტო არ ვარ, თითქოს იდეებს მაწვდიან. შთაგონება იმდენად მძაფრია იმ წამს, რომ სულიერად ვივსები და მერე ნახატზე გადმომაქვს ყველაფერი ერთად. ეს პროცესი მიყვარს, სასიამოვნო განცდაა, თითქოს არ გინდა რომ დასრულდეს. იყო მხატვარი, ეს დიდი პასუხისმგებლობაა საკუთარი თავის, ხელოვნებისა და იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც მგულშემატკივრობენ.
მე არასოდეს ვმეორდები შემოქმედებაში, მიყვარს სიახლეები, მრავალფეროვნება. მუშაობის პროცესში არ ვარ შეზღუდული, სამყარო იმდენად დიდია, რომ იდეებით გესაუბრება, უბრალოდ მისი აღქმა უნდა შეგეძლოს.
იყო მხატვარი, ნიშნავს ხედავდე იმაზე მეტად, ვიდრე ეს შეუძლია სხვას, რადგან რასაც ხატავ თუ არ ჩაწვდი მის სამყაროს, არაფერი გამოგივა. როცა ვხატავ პორტრეტს, მე ვგრძნობ ადამიანს, როცა ვხატავ პეიზაჟს, მე ვგრძნობ, რომ იქ ვარ და განვიცდი…

ბრძოლა საკუთარ თავთან

ხშირად მიწევს ბრძოლა საკუთარ თავთან, ამბიციური ვარ და იმაზე მეტი მინდა შემოქმედებითად, რაც მაქვს, ვფიქრობ ეს ცუდი არ არის, რადგან ეს დამოკიდებულება არ მაძლევს შემოქმედებითად გარდაცვალების საშუალებას. უბრალოდ ზღვარი უნდა იცოდე…

თანამედროვე მხატვრობა, ხედვა…

თანამედროვე მხატვრობა? იცით ვერ დავაკონკრეტებ მომწონს თუ არა, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ მომწონს ყველაფერი ახალი, რომელშიც იგრძნობა სიცოცხლე და სწრაფვა შემეცნებითი, გონებრივი განვითარებისკენ.

პესიმისტი ხართ?

ალბათ, იმიტომ მისვამთ ამ კითხვას, რომ ძალიან ბევრი ვისაუბრე პრობლემებზე, ვიდრე საკუთარ შემოქმედებაზე, მაგრამ ზუსტად ეს არის ჩემი ოპტიმისტური განწყობა და სურვილი, შევცვალო უკეთესობისკენ ის, რაც დღეს პრობლემად მიმაჩნია.

თქვენი  განწყობა შემოქმედებაზე აისახება? როცა ცუდ ხასიათზე ხართ ხატავ?

ხასიათი ვერ განსაზრვრავს მხატვრობას, არ ვეთანხმები იმ აზრს რომ თუ მხატვარი ცუდ ხასიათზეა და ხატავს, ნახატს ეს განწყობა თან სდევს. მე როცა ვხატავ, ჩემი განწყობა არის მხატვრული და ღრმა შინაარსის, უფრო მეტი, ვიდრე ხასიათი…

ქალი სხეულს მიღმა…

ქალი? საინტერესოა ქალის სილუეტზე მუშაობის პროცესი, როცა ქალს ხატავ, მის სახეს, თვალებს, თმებს, სხეულს ქარგავ ფუნჯით, შეუძლებელია არ იგრძნო მთელი მისი დიდებულება, შინაგანი ქალური სიდიადე და დახვეწილობა. მე მხოლოდ ასეთი ქალის დახატვის სურვილი მაქვს, რადგან დღეს ყველა ქალს  ვერ უწუდებ ქალს.  სამწუხაროდ ასეა. ქალი თუ სხეულს და თვალებს მიღმა არ არის საინტერესო და შინაარსიანი, მას არასოდეს დავხატავ…

მხატვრობას სჭირდება განათლება კონკრეტულად ამ სფეროში?

მოდით ასე ვიტყვი, ხელოვნება არის ნიჭი, რომელსაც წიგნი ვერ შეედრება. წიგნი უნდა წაიკითხო და ისწავლო. ნიჭი კი ღვთიურია, რომელი წიგნი შეედრება იმ შეგრძნებას, როცა შეგიძლია სამყარო აღიქვა და დახატო… მერწმუნეთ თუ ადამიანი ნიჭიერია, ვერცერთ პრესტიჟულ სასწავლებელში მიღებული ცოდნით ვერ ვაჯობებთ მას. ის რაც უფლისგან მოგეცა ნიჭის სახით, უსასრულოა, განვითარების შეუჩერებელი პროცესია… ღვთის წყალობაა.

რა ძალა აქვს ხელოვნებას ასეთი, რომ ნებისმიერ ისტორიულ ფორმაციაში საზოგადოების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი აკისრია?

ეს ძალა არის ადამიანის შინაგანი ხმა, მოწოდება სულიერი განვითარებისკენ, რაც ხელოვნების გარეშე შეუძლებელია. ხელოვნება ილუზია არ არის, ეს რეალური სამყაროა, რომელშიც ჩვენ ვცოცხლობთ, ვარსებობთ, ვგრძნობთ ერთმანეთს. ხელოვნების სასწაული სიყვარულშია… მე ამის ღრმად მწამს და მჯერა.

თქვენი როგორც მხატვარის ადგილი სად არის?

საკუთარ თავზე საუბარი არ მიყვარს, მე როგორი მხატვარი ვარ, ეს იმათ უნდა ჰკითხოთ ვინც ჩემს შემოქმედებას იცნობს, რაც შეეხება ჩემს ადგილს, ჩემი ადგილი ზუსტად იქ არის, სადაც ახლა ვარ, შეიძლებოდა უფრო მეტიც, მაგრამ მივენდოთ დროს და პროცესებს, რომელმაც უნდა მართოს ჩვენი ქვეყნის კულტურა და ხელოვნება.

ვისურვებდი, რომ განვთავისუფლდეთ სტერეოტიპებისგან, სნობიზმისგან, უფრო ღია და თავისუფალი ურთიერთობები გვქონდეს, ზუსტად ეს აკლია დღეს ხელოვნებას, ჩვენს საზოგადოებას…

ესაუბრა თინათინ ღლონტი