slide
slide
slide

დიზაინერი თამუნა ზაუტაშვილი-ბედნიერების მუზა

მოდის სამყაროს რომ საზღვრები არ  აქვს  ეს სრული ჭეშმარიტებაა. ეს ის სფეროა, რომელმაც შესაძლებლობა მისცა ბევრ ნიჭიერ ადამიანს საკუთარი შინაგანი სიძლიერე, არაორდინალურობა, გრძნობათა მრავალფეროვნება, ქალის სამყაროს აღქმის განსაკუთრებული უნარი გამოეხატა სამოსში, აქსესუარებში, სურნელში, რამაც შეცვალა ადამიანის გემოვნება, სტილი.
ქალი გახდა უფრო თავდაჯერებული, მიმზიდველი. ვფიქრობ, ქალის სხეულის და სულის სრულფასოვნად წარმოჩენა მხოლოდ კარგ დიზაინერს შეუძლია.
„მოდა რომ არ ყოფილიყო, ალბათ არ ვიქნებოდი არც მე“-ეს სიტყვები გალიანოს ეკუთვნის, დიზაინერს, რომელმაც ზუსტად განსაზღვრა, თუ რას ნიშნავს იყო დიზაინერი. როცა შეგიძლია შენი არსებობა დაუკავშირო საქმეს, რომელსაც ემსახურები, ე,ი შენ ამ საქმისთვის ცოცხლობ და ყველაფერი გამოგივა, ამიტომაც შექმნა მან ყველაფერი ღირებული, რომელიც არასოდეს კარგავს აქტუალობას. მისი ხედვა მსოფლიო მოდის ნაწილია, მისი განსაკუთრებულობა გახდა ბევრი დიზაინერისთვის მთავარი მოტივაცია, შეექმნათ რაიმე ახალი და საინტერესო.
ქართული მოდა? სამწუხაროდ, ჩვენთან მოდა ხშირ შემთხვევაში გართობაა, ან მხოლოდ ბიზნესი. შეიძლება ამის მიზეზი ისიც არის, რომ ეს ძვირადღირებული სიამოვნებაა. ამ ყველაფერს კი ისიც ემატება, რომ არ გვაქვს საკმარისი ცოდნა და რესურსი, რომელიც მისაღებია მსოფლიო ბაზარზე თავის დამკვიდრებისთვის.
ვფიქრობ, როგორც საზოგადოების დაინტერესება მოდის სფეროთი, ისევე დიზაინერების დამოკიდებულება საქმის მიმართ, საკმაოდ ზედაპირულია. თუნდაც ის, რომ ბოლო მოდის კვირეულისთვის კოლექციები ბევრმა ორ კვირაში შეკერა და მოდის კრიტიკოსების აზრით, ეს ძალიან არასერიოზული მიდგომაა. სწორედ ასეთ ფაქტებზე დაყრდნობით ჩამოყალიბდა გარკვეულ წრეებში შეხედულება რომ ჩვენთან მოდის კვირეულმა უბრალოდ ე.წ. ივენთის ფუნქცია მიიღო და მეტი არაფერი.
ასევე, სამწუხაროა ისიც, რომ უამრავი მოდის კვირეულის ჩატარების მიუხედავად, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა ქართული პროდუქტით უცხოელი ბაიერების დაინტერესება სათანადოდ, თუ არ ჩავთვლით ერთჯერად პროექტებს.

მოდა ხომ თავისუფლების გასაღებია, შინაგანი სამყაროს გასაღები, რომელშიც იბადება იდეები. მოდა ხელოვნების ნაწილია, იყო კარგი დიზაინერი ნიშნავს იყო კარგი მხატვარი, დახატო სილუეტი, ფერებში აღიქვა მისი სრულყოფა, იყო მუსიკოსი რომ გრძნობდე სამოსის ჰარმონიას სხეულთან შეხებისას, იყო პოეტი, რომ ქმნიდე სამოსის, სამკაულის, აქსესუარის პოეზიას.
მე დღეს სწორედ ასეთ დიზაინერზე მინდა გიამბოთ. დიზაინერზე, რომელმაც ყველაფერი, რაც შექმნა და რასაც ქმნის განუმეორებელია. ის თითეულ აქსესუარზე მუშაობს საათობით, როგორც ამბობს, ხშირად ღამეებიც უთენებია, მაგრამ არასოდეს არ არის მისთვის ტანჯვა ამ საქმით დაღლა.
დიზაინერზე, რომელსაც მისი ნამუშევრების ერთგული მომხმარებლები მოიხსენიებენ როგორც – „ქალი-ბედნიერების მუზა“. გარდა ამისა, ის გამოირჩევა თავმდაბლობით, არასოდეს არ უკეთებს საკუთარ შემოქმედებას აფიშირებას. ის უბრალოდ ქმნის იმას, რაც მისი ხედვის, შინაგანი სამყაროს ნაწილია.
დიზაინერი, ბედნიერების მუზა-თამუნა ზაუტაშვილი, ეს არის ქალი, რომელმაც სილამაზის სრულყოფისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი – სამოსი, მეორეხარისხოვანი გახადა, თავისი ორიგინალური სამკაულების, აქსესუარების ფონზე.
მან შეძლო პატარა დეტალებით, ქალური ხასიათის შტრიხებისთვის ხაზის გასმა, შექმნა ახალი, ფერადი ქალური სამყარო, რომელშიც ყველი ქალი ბედნიერია. რა არის განსაკუთრებული თამუნა ზაუტაშვილის ნამუშევრებში?-ამაზე საუბარი ძნელია, სანამ თავად არ ნახავთ, ხელით არ შეეხებით მის ნამუშევრებს- სამკაულებს, ქუდებს, არ შეიგრძნობთ და საკუთარი თვალით არ ნახავთ მატერიისა და მისი ხედვის სინთეზის ორიგინალურობას. მისი ქუდი შეგიძლია დაიხურო  ქუჩაშიც და წვეულებაზეც, სამკაული გაიკეთო ჯინსზეც და მოუხდინო კლასიკურ სამოსს… ეს არის მისი როგორც დიზაინერის ორიგინალურობა. მისი საყურეები, კამელიები, გვირილები, ვარდები ზუსტად გამოკვეთავს ქალის ხასიათსა და დამოკიდებულებას სამყაროსადმი, სილამაზისადმი.
ქართველი დიზაინერი, რომელმაც საკუთარი შემოქმედება აქცია არა ბიზნესის არამედ ქველმოქმედების ნაწილად და სწორედ აქედან იღებს იმ დიდ მადლს, რომელიც აძლევს ძალას შექმნას კიდევ უფრო მეტი, ახალი და საინტერესო… ის ქმნის ქუდებს ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის, თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციებთან, თუმცაღა ამაზე არასდროს არ საუბრობს… ისევე როგორც კარგ ნახატში იგრძნობა მხატვრის სული და ხედვა, ასევე იგრძნობა თამუნა ზაუტაშვილის ნამუშევრებში მისი ხელების სითბო და გულწრფელობა, მისი საქმისადმი სიყვარული, შემოქმედებითი გრძნობა, მისი ორიგინალური ხედვა.
თამუნას ნიჭი გასცდა საქართველოს საზღვრებს და  და ახლა უკვე, მისი სამკაულებით დამშვენებულ დახვეწილ ქალბატონებს შეხვდებით მილანში, პარიზში….და არა მარტო…

თამუნა, უპირველეს ყოვლისა მადლობა მინდა გადაგიხადო, რომ დაგვთანხმდი ინტერვიუზე. შენი აზრით, რა არის შენს ნამუშევრებში განსაკუთრებული, რაც ასე დიდ აღფრთოვანებას იწვევს ყოველთვის?

-მადლობა თქვენ, რომ დაინტერესდით ჩემი ნამუშევრებით, ეს ჩემთვის სასიამოვნო ფაქტია.
რაც შეეხება ჩემი ნამუშევრების განსაკუთრებულობას, ამაზე მიჭირს საუბარი. არ ვიცი რამდენად განსაკუთრებულია, თუმცა გაგიმხელთ ასეთი შეფასება სასიამოვნოა. როცა მეკითხებიან თუ ვინ არის თამუნა ზაუტაშვილი, ჩემი პასუხია: გაეცნონ ჩემს სამკაულებს, აქსესუარებს, მე მათში ვდებ ჩემს სულსა და გულს, ჩემს სამყაროს, ამიტომ ისინი ზუსტად გამოხატავენ ჩემს ხასიათსა და დამოკიდებულებას ყველასა და ყველაფრის მიმართ.

როგორ მოახერხე, რომ აქსესუარი აქციე სილამაზის მთავარ სამკაულად და სამოსზე მეტი უპირატესობა ყოველთვის მას აქვს?

-ვფიქრობ აქსესუარი ზუსტად გამოხატავს ქალის ხასიათს, ამიტომ მე მათ ყოველთვის ვაძლევ არჩევანის შესაძლებლობას. მიყვარს ფერებზე მუშაობაც. ქალის ხასიათიც ხომ საოცრად ჰგავს ფერებს… მე ყოველთვის მომწონდა დახვეწილი, ელეგანტური ქალი, დღეს კი ქალი ცოტა გაუხეშებულია, რაც მისი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე ჩაცმის სტილში გამოიკვეთა, ხასიათშიც…. ამდენად, ვცდილობ აქსესუარებით მაინც იყოს დაცული ბალანსი სილამაზეს, ქალურობას, სპორტულ და კლასიკურ სამოსს შორის.
ზუსტად ამ ხედვით ვმუშაობ და თუ რა გამოდის, ეს თქვენ უნდა შეაფასოთ.

ის რასაც ქმნი, შენი ნიჭის უდაო დადასტურებაა და წარმატების განმსაზღვრელიც…

-თინა, როცა ჩემს საქმეზე ვსაუბრობ, არასოდეს ვიყენებ სიტყვებს „ვქმნი“ და „წარმატებული“, რადგან საქართველოში ძალიან მარტივია იყო წარმატებული, ამიტომ ამ სიტყვამ თავისი ფასი დაკარგა. ვქმნი, ეს სიტყვა კი რაღაცნაირად ჟღერს… მე უბრალოდ ვაკეთებ აქსესუარებს და ეს პროცესი ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

რამდენი წელია რაც აქტიურად ხართ ჩართული ამ საქმეში?

-2003 წლიდან დავიწყე ჩემი ნამუშევრების რეალიზება და დღეს მყავს ერთგული მომხმარებლები ევროპის რამდენიმე ქალაქში, რუსეთში, უკრაინაში, საქართველოში… მე ბედნიერი ვარ მათთან თანამშრომლობით, რადგან ვგრძნობ თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და ძვირფასია მათთვის თითეული ნამუშევარი.

ბევრ ცნობილ ადამიანს, მათ შორის შერონ სთოუნს, უკრაინელ ცნობილ დიზაინერსა თუ სხვებს, პირად კოლექციებში თქვენი ნამუშევრები აქვს…

-მოეწონათ და შეიძინეს, ზოგს აჩუქეს და ასე აღმოჩნდა მათ კოლექციებში, რამდენიმესთან პირადად ვთანამშრომლობ და ვაწვდი პერიოდულად. ნელნელა ჩემი საქმე ბიზნესის ნაწილად იქცა, მაგრამ არასოდეს გახდება ფული პირველხარისხოვანი ჩემს საქმეში, ეს ზუსტად ვიცი.

2012 წელს მილანში მოდის კრიტიკოსებმა დაგასახელეს წლის აღმოჩენად…

-ჩემი ნამუშევარის ღირებულებას ზუსტად განსაზღვრავს მისდამი ჩემი დამოკიდებულება. გამიხარდა რომ ეს ზუსტად შეაფასეს, ეს ჩემთვის დიდი სტიმული იყო.

თამუნა ვიცი, რომ ქველმოქმედებასაც ეწევით…

-ამ თემაზე საუბარი არ არის საჭირო, მე ასე ვფიქრობ…
ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ: მხოლოდ კომერციაზე ფიქრი დიზაინერს ართმევს ყველაზე მნიშვნელოვან გრძნობას…

ეს კიდევ ერთხელ დადასტურებაა იმისა, რასაც თქვენი მეგობრები და თქვენი ნამუშევრების ერთგული მომხმარებლები საუბრობენ თქვენი თავმდაბლობის შესახებ…

-მიჭირს საკუთარ თავზე საუბარი, მირჩევნია სხვამ ისაუბროს თუ ეს საჭიროა. მე უბრალოდ, ვარ თამუნა ზაუტაშვილი, მიყვარს ადამიანები, ჩემი ოჯახი, მეგობრები, მიყვარს ჩემი საქმე და ეს საქმე ჩემი ცხოვრების ნაწილად ვაქციე, ჩემი სულისა და გულის სიმშვიდე ამ საქმეშია. მე როცა ვმუშაობ მატერიაზე ვგრძნობ მას ბოლომდე, როცა ვმუშაობ ფერებზე-ვხედავ ქალური ხასიათისა და განწყობის შტრიხებს რომელიც მიადვილებს საქმეს და სიამოვნებას მანიჭებს.

აქსესუარის შერჩევის დროს რა უნდა გაითვალისწინოს ქალმა, მაგალითდ მე ვთვლი, რომ ქუდი არ მიხდება..

-არ შეიძლება არ გიხდებოდეს, უბრალოდ უნდა იცოდე როგორ მოიხდინო. ჩემი აქსესუარები გათვლილია ყველა სტილზე, ყველა სიტუაციაში, ამიტომ არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია.

სხვა ქართველ დიზაინერებისგან განსხვავებით, არ ჩანხართ ტელეეკრანებზე აქტიურად…

-არ მაქვს სურვილი და ვფიქრობ არ მჭირდება, ჩემთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი, შეიძლება შეცდომასაც ვუშვებ და ეს არასწორი მარკეტინგული გათვლაა, მაგრამ ხელოვნურად ვერ ვმართავ პროცესებს არ შემიძლია… მე ვარ ჩემთვის, ვმუშაობ, მყავს ჩემი გარემოცვა რომელშიც ვახერხებ საკუთარი ადამიანური რესურსების, თუ საქმის ნაწილში, შესაძლებლობების რეალიზებას. მყავს ერთგული მომხმარებელი, რომელთა აღფრთოვანება ჩემი სტიმულია და მაქვს ამბიცია, რომ არასოდეს ვუღალატო ჩემს საქმეს, არ განვმეორდე, ვიყო სიახლეების ძიებაში.

მოდის კვირეულებზე აქტიურად მონაწილეობდი, მაგრამ როგორც ვიცი ბოლო კვირეული გამოტოვე..

-კი ვმონაწილეობდი და ვთვლი, რომ კარგია, ამ ფორმით მაინც გვეძლევა შეფასების შესაძლებლობა. ბოლო მოდის კვირეულში ვერ მივიღე მონაწილეობა გარკვეული მიზეზების გამო..

ქართული მოდა განვითარების რა ეტაპებს გადის დღეს?

-მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ იყო დიზაინერი, სულაც არ ნიშნავს აკეთო მხოლოდ ახალი, ახალთან ერთად მასში უნდა იგრძნობოდეს ინდივიდუალურობა, გემოვნება, ძველთან სინთეზის შესაძლებლობა. მიბაძულობა ეს რატომღაც განუკურნებელ სენად იქცა! იდეების ნაკლებობა მოდის სფეროს არ აძლევს განვითარების შესაძლებლობას. შეიძლება არ ან ვერ ქმნიდე რაღაც ახალს, მაგრამ რასაც ქმნი ის უნდა იყოს გემოვნებიანი და ხარისხიანი. საბედნიეროდ, გვყავს ნიჭიერი დიზაინერებიც, რომლებმაც თავისი სიტყვა თქვეს საქართველოშიც და არამარტო.
რაც შეეხება განვითარების ეტაპებს, მოდა განვითარების უწყვეტი ჯაჭვია, უბრალოდ, ბევრი ამ პროცესს როგორც შემოქმედი ეწირება, ის ვინც ზუსტად იცის, როგორ მოერგოს ეპოქას, ადამიანის ხასიათს, გრძნობს ქალის სილუეტს, გემოვნებას და იცის რა სჭირდება ქალს იმისთვის, რომ იყოს სრულყოფილი, ის ამ პროცესების სათავეში ყოველთვის ლიდერობს.
ნიჭი არასოდეს იკარგება, რადგან მას ვერავინ წაგართმევს, შეიძლება მოგპარონ იდეა, მაგრამ ვერ წაგართმევენ შესაძლებლობებს…

ესაუბრა თინა ღლონტი