slide
slide
slide

“იქნებ ვაზია სამშობლო…”

“იქნებ ვაზია სამშობლო? აბა, დააკვარდით, თუ დაბლარია, დაჩოქილმა უნდა დაკრიფო, თუ მაღლარია – ცაში ხელაპყრობილმა. ორთავე საოცრად ჰგავს ლოცვას, ლოცვა კი არაფერს ისე არ უხდება, როგორც სამშობლოს”. ეს სიტყვები დიდ ქართველს, სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებულ ადამიანს ნოდარ დუმბაძეს ეკუთვნის და ზუსტად განსაზღვრავს ქართველი კაცის დამოკიდებულებას ვაზის კულტურის მიმართ. ამ სიტყვებში ქართველმა კაცმა ღვინო დაუკავშირა ლოცვას, ღმერთს, რწმენას, სიყვარულს და სამშობლოს. საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, სადაც იციან ღვინის ფასი. სწორედ ამიტომ, ქართული ღვინო ოდითგანვე გამოირჩეოდა თავისი განსაკუთრებული თვისებებით, უნიკალურობით. მხოლოდ ქართველს თუ შეუძლია უყვარდეს ვაზის ფესვები ისე, რომ მისი სიცოცხლე სამშობლოს სიყვარულს და ლოცვას შეადაროს. ეს გრძნობა, ხომ თავისთავად ღვთიურია და ის რაც ღვთიურია, სრული ჭეშმარიტებაა უდაოდ. ალბათ მიმიხვდით, რომ დღეს ჩვენი ინტერვიუს თემაც სწორედ ეს სიყვარულია… ვაზის სიყვარული, ქართული ღვინის უპირატესობას მსოფლიო ბაზარზე ხომ სწორედ ეს სიყვარული განაპირობებს. ბევრი იწერება ქართული ვაზის შესახებ, ამაზე საუბრობს საერთაშორისო დონის ღვინის ექსპერტები. ეს პროცესი კიდევ უფრო ეფექტური ხდება, რაც აისახება ქართულ ბაზარზე ღვინის კომპანიების მრავალფეროვნებით. საერთაშორისო კონკურსებსა თუ ფესტივალებზე მიღწეული წარმატებებით, ჯილდოებით.
ეს კი იმას ნიშნავს რომ მსოფლიო ბაზარზე, ჩვენ გვაქვს ჩვენი ადგილი, როგორც უძველესი კულტურის, ქართული ღვინის ტრადიციების ქვეყანას.
2017 წელი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, რადგან ყველა კონკურსზე სადაც წარდგენილი იყო ქართული ღვინო, მოვიპოვეთ ჯილდო და საუკეთესო შეფასებები. პირველად, ქართული ღვინის ისტორიაში, იტალიაში ღვინის საერთაშორისო კონკურსზე “Mondial des vins Extremes Cervim” ბადაგონის ღვინომ “საფერავი რეზერვი” უმაღლესი ჯილდო დიდი ოქრო მოიპოვა, ეს ქართული ღვინისთვის უპრეცედენტო შემთხვევაა. კონკურსი ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით ხორციელდბა, რაც მას კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. “Mondial des vins Extremes Cervim” სხვა ღვინის საერთაშორისო კონკურსებისგან იმით გამოირჩევა, რომ ირჩევს საუკეთესო ღვინოებს მხოლოდ იმ რეგიონებიდან, რომლებიც ღვინის უნიკალურ ისტორიასა და ტრადიციებს ფლობენ.
თელავის ღვინის მარანმა კი სამ კონკურსზე: “International Wine Challenge”, “International Wine and Spirits Competition” და “Decanter” მოიპოვა უპრეცედენტო რაოდენობის – ჯამში 54 ჯილდო. ამ ჯილდოთაგან კი უმაღლესი შეფასება – “Trophy” ერგო ლეგენდარულ “სატრაპეზო საფერავს”. პოლონეთის ქალაქ კრაკოვში კი საერთაშორისო ღვინის კონკურსზე, რომლის მთავარი იდეა ისტორიული ქართული მეღვინეობის ტრადიციების განვითარება და ცენტრალური ევროპის ღვინის მწარმოებელ ქვეყნებს შორის კავშირის გამყარებაა, ქართული ღვინის კომპანიამ “მეღვინეობა შილდა”-ს ღვინოებმა, “ქისი 2015” (თეთრი მშრალი) და “მუკუზანი 2015” (წითელი მშრალი) ოქროს მედლები დაიმსახურა. ჯილდოები მოიპოვა ღვინის მცირე მარნებმა და სხვადასხვა კომპანიებმაც.
წლის მთავარ მოვლენად კი შეგვიძლია ვაღიაროდ ის, რომ რომ საქართველო როგორც ღვინის სამშობლო და უძველესი ტრადიციების მქონე ქვეყანა, საფრანგეთში ქალაქ ბორდოში ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში მოექცევა, საქართველო იქნება პირველი საპატიო სტუმარი და მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენის “ვენახი საქართველო” ორგანიზატორი. როგორც საფრანგეთის ღვინის კულტურისა და ცივილიზაციის ფონდის თავმჯდომარემ სილვი კაზიმ აღნიშნა, საამაყოა რომ ღვინის ცივილიზაციის ცენტრში, პირველი გამოფენა საქართველოს მიეძღვნება.
ამ სიახლეებთან ერთად, კიდევ ერთი სასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა ქართული ღვინის ისტორიაში. ქართულ ღვინოსა და ტრადიციებს ცნობილმა ამერიკელმა მწერალმა და ფოტოგრაფმა, კარლა კაპარბომ წიგნი მიუძღვნა. წიგნში მწერალი ყურადღებას ამახვილებს საოჯახო მარნებზე, რომლებიც იცავენ ღვინის ქვევრში დაყენების ტრადიციასა და კულტურას. კარლა კაპარბო თვლის, რომ სწორედ ქვევრის მეღვინეები გახდნენ მსოფლიოში, “ქართული კულტურის ელჩები”.
როგორი უნდა იყოს კარგი ღვინო? როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან ხარისხიანი და უხარისხო ღვინო? ვის ვენდოთ? როგორ ავიცილოთ თავიდან შეცდომები ღვინის შეძენისას? რა უნდა ვიცოდეთ პირველ რიგში ღვინის შესახებ? როგორ შევუხამოთ ღვინო და კერძი ერთმანეთს? კიდევ ბევრი ასეთი კითხვა არსებობს და პასუხებს ამ კითხვებზე მხოლოდ ცოდნით და გამოცდილებით თუ გავცემთ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო, ღვინის კულტის ქვეყნიდან ღვინის კულტურის ქვეყნად იქცეს. კარგია, რომ დღეს საქართველოში ღვინის აღორძინების ხანა დგას, ჩნდება ახალი მარნები, იცვლება ქართველი მომხმარებლის დამოკიდებულება ზოგადად ღვინისადმი, სულ უფრო მეტი უცხოელი სპეციალისტი ინტერესდება ქართული ღვინით და ეს ყველაფერი იმის გამოა, რომ ქართული ღვინო პოულობს თავის ადგილს მსოფლიო ღვინის სამყაროში.
ამ ყველაფრის გარეშე ალბათ ქართული ღვინო ბევრს დაკარგავს, რადგან თანამედროვე მეღვინეობის ფონზე, შეიძლება კარგად გამოჩნდეს, ერთი მხრივ, ტრადიციული ქართული მეღვინეობის უნიკალობა და მეორე მხრივ, ადგილობრივი ჯიშების განუმეორებელი გემური თვისებები.
ბევრი ვიფიქრე ვისთან ჩამეწერა ინტერვიუ, ვის შეეძლო ესაუბრა ამ თემაზე არა ზედაპირულად, არამედ ისე, რომ ქართული ვაზის უნიკალურობა გვეგრძნო მის თითეულ სიტყვაში. გადავწყვიტე კახეთში, ყვარელში ჩასვლა და ადგილობრივ მაცხოვრებლებთან, მეღვინეებთან გასაუბრება.
დღეს ჩვენი რესპოდენტია, ბატონი ვალერი ვარადაშვილი, მეღვინე კახეთიდან, ადამიანი, რომელსაც ვაზის, ქართული ტრადიციების და სამშობლოს სიყვარული სისხლში აქვს გამჯდარი…

ქართული ღვინის გზა კახეთიდან იწყება…

-უპირველეს ყოვლისა მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ გვეწვიეთ კახეთში და ასეთ საინტერესო თემაზე გადაწყვიტეთ ჩემთან გასაუბრება. გულწრფელად გეტყვით, მიხარია, რომ ამ თემით ინტერესდებით. ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულება მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის, რაც უფრო მეტი დაიწერება ჩვენს ტრადიციებზე, ღვინის კულტურასა და მის როლზე, მსოფლიო კულტურის ცივილიზაციაში, უფრო კარგი შედეგი გვექნება. ვფიქრობ, დროა უფრო მეტი ვთქვათ და გავაკეთოთ. მზად ვარ ყველა თქვენს კითხვას გულწრფელად ვუპასუხო…

რამდენად განსაზღვრავს ღვინის ხარისხსა და გემოს ტერუარი?

-კარგი კითხვაა, რადგან სწორედ ტერუარი განსაზღვრავს ღვინის ხარისხს. ტერუარი მოიცავს ყველაფერს ერთად, ვაზის სიცოცხლის დასაწყისიდან ნაყოფის მოცემამდე. ყურძნის ჯიშს, ვენახის ადგილმდებარეობას, რელიეფს, ნიადაგს. ვაზს სწორად უნდა შევურჩიოთ ნიადაგი და დავიცვათ ყველა წესი, გაიზარდოს ჯანსაღ ნიადაგში, რომ ყურძენი იყოს არომატული და განსაკუთრებული. მხოლოდ ხარისხიანი ყურძენი გვაძლევს ღვინოში ბუნებრივ სურნელსა და გემოს, რომელშიც იგრძნობა სიმსუბუქე, დახვეწილი გემო, ფერი.

თქვენ ღვინის დაყენების თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებთ?

-მე მამაპაპისეულ ტრადიციულ მეთოდებს ვიყენებ, ვცდილობ ეს სტილი შევინარჩუნო, თუმცაღა უახლოეს მომავალში ვგეგმავ თანამედროვე ტექნოლოგიებიც გამოვიყენო. მაგრამ, ერთი მეორეს არ ჩაანაცვლებს. მნიშვნელოვანია, ძველი ტრადიციები არ დაიკარგოს, რადგან უნიკალურია. უნდა გაუფრთხილდეთ იმ ტექნოლოგიებს, რომლითაც ჩვენმა წინაპრებმა კულტურული ვაზისგან დაამზადეს ღვინო და მსოფლიო საგანძურს ქართული ღვინის სახით შემატეს მართლაც რომ დიდი სიმდიდრე.
მეღვინემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს ნედლეულის ხარისხსა და პატივი სცეს წინაპართა გამოცდილებას. მე ვფიქრობ, რომ ქართულ ღვინოს მეტი აღიარება სჭირდება. ვაკვირდები პროცესებს და მახარებს ეს ჯილდოები, რასაც ქართული ღვინის კომპანიები იღებენ საერთაშორისო დონის ფესტივალებზე, მიხარია რომ მცირე მარნების მრავალფეროვნება გვაქვს. კულტურის სამინისტროს ჩართულობაც ძალიან საინტერესო და იმედის მომცემია. ყოველწლიურად მთაწმინდის პარკში გამართული ღვინის ფესტივალი კი რომელზეც მცირე მარნების ღვინოებია წარმოდგენილი და არა მარტო.. კიდევ უფრო უწყობს ხელს მეღვინეობის გნვითარებას.

როგორც ვიცი “ვაკუუმური ზონა” ძალიან ფასობს და მნიშვნელოვანია მეღვინეობაში?

-გეთანხმებით, რადგან ვაკუუმური ზონა ხასიათდება მრავალწლიანი უცვლელობით. მე მაგალითისთვის მოგიყვანთ ღვინის კომპანიას “ვაინ მენი”. ამ კომპანიამ შეიძინა კახეთში წინანდალსა და მუკუზანის მიკროზონების საზღვარზე მდებარე კახი-ფარის მიდამოებში განლაგებული სავენახე ადგილ-მამული, რომელსაც პერსპექტიული ტერუარის ყველა პოტენციალი გააჩნია. ეს ადგილი თავისი ჰავით მიეკუთვნება ვაკუუმურ ზონას, რომელიც, როგორც ზემოთ ავღნიშნე ხასიათდება მრავალწლიანი უცვლელობით. ვენახები განლაგებულია ცივგომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ფეარდობზე, საშუალო სიღრმის ყავისფერი, ე. წ თბილ ნიადაგზე. ასეთი ნიადაგი ვაზისთვის საუკეთესოა, აქ მოყვანილი ყურძნისგან დამზადებული ღვინო გამოირჩევა ხილის არომატით, მდიდარი ბუკეტით. ამ კომპანიის წარმატებაც სწორედ ეს არის.
თუ გინდა მიიღო კარგი ღვინო, უნდა იცოდე ყველაფერი მის შესახებ და ამასთანავე, საჭიროა დაუღალავი შრომა, საქმისადმი ერთგულება და ვაზის სიყვარული.

რა არის ტანინი და რამდენად სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის?

-ტანინიანი ღვინო ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის, დაყენების ტექნოლოგიებიდან გამომდინარე, ძირითადად ტანინი გვხვდება წითელ და ქვევრის ღვინოებში. ქვევრის კახური ღვინო ამ მხრივ განსაკუთრებულია. ევროპულ თეთრ კლასიკურ ღვინოებში ნაკლებია, ან საერთოდ არ არის, რადგან მათი მომზადების ტექნოლოგიები ისეთია, რომ დაწურვისთანავე სცილდება წვენს ყურძნის დურდო და კლერტი. ტანინი არის ყურძნის კანში და კლერტში, რაც უფრო დიდი ხანი იქნება ღვინო ჭაჭასა და კლერტზე მით უფრო მეტი ტანინი გადადის ღვინოში.

ღვინის ფერზე რა ახდენს გავლენას?

-ყურძნის მარცვლის კანი და ჟანგბადი. მაგალითად რაც უფრო დიდხანს გავაჩერებთ წვენს წითელ დურდოზე მით უფრო მეტი მღებავი ნივთიერება გადავა კანიდან ღვინოში. წითელი და ვარდისფერი ღვინოების შეფერილობა მის კანში არსებული ფერადი პიგმენტებიდან გადადის. განსხვავებულია თეთრი ღვინის სტრუქტურა, თეთრი ღვინო ჟანგბადთან ურთიერთობისას მუქდება. მაგალითად მუხის კასრში დავარგებული ღვინო უფრო მუქია, ვიდრე უჟანგავ ჭურჭელში დაყენებული. ქვევრის ღვინო კი ჯერ დადუღებისას, შემდეგ კი დავარგებისას იძენს ქარვისფერს.

ვიცი რომ ღვინის სხეულში დიდ როლს თამაშობს ალკოჰოლის რაოდენობა და ტანინი

-დიახ, რაც უფრო მეტია ალკოჰოლი და ტანინი, რომელიც ღვინის დავარგებისას გამოიყოფა ბუნებრივად, მით უფრო სასარგებლო და სხეულიანია ღვინო, გამოირჩევა განსაკუთრებული თვისებებით.

მჟავიანობა ღვინოს ამსუბუქებს?

-ღვინოში მჟავიანობის შეგრძნება ღვინოს ამსუბუქებს და უკარგავს ღირებულებას, სასარგებლო თვისებებს, არომატს.
რამდენად მართებულია მოსაზრება, რომ რაც უფრო ძველია ღვინო მით უკეთესია, ყველა სახეობის ღვინოს ხომ თავისი განვითარების ფაზები და სიცოცხლის ხანგრძლივობა აქვს?
კარგი კითხვაა, რადგან ამაზე დღესაც მიდის მსჯელობა და ვფიქრობ, სრულფასოვანი, ჩამოყალიბებული პასუხი ჯერ არ გვაქვს, რადგან ყველა მეღვინეს თავისი აზრი აქვს. მე კი ვთვლი, რომ ეს მოსაზრება მცდარია. ღვინოს აქვს განვითარების რამდენიმე ფაზა: პირველი ფაზა მოიცავს ღვინის მდგომარეობას, როცა იმდენად ახალგაზრდაა, რომ დალევა არ შეიძლება. მეორე – შეიძლება დალევა მაგრამ დავარგების პოტენციალი უფრო მნიშვნელოვანია. მესამე – დასალევად ღვინო არის იდეალური და ბოლო ფაზა უკვე მოიცავს ღვინის მდგომარეობას, როცა ის არის დაძველებული. ღვინო არის ცოცხალი სასმელი, რომელიც გარკვეული დროის განვალობაში ინარჩუნებს იმ სტრუქტურას, რაც მის სიცოცხლესა და უნიკალურობას განაპირობებს.

ღვინოში დავარგების პერიოდში ალკოჰოლი მატულობს?

-არ მატულობს, მაგრამ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ღვინის შენახვის პირობები. თორემ სხვა შემთხვებაში ღვინო დიდხანს ვერ იცოცხლებს.

ღვინის შეფასებისას, დახასიათებისას რა უნდა გავითვალისწინოთ?

-უპირველეს ყოვლისა, მინდა ავღნიშნო, რომ არ უნდა ვიყოთ შეფასებებში სუბიექტურები და მხოლოდ საკუთარს არ მივანიჭოთ უპირატესობა, ვთვლი რომ ეს ვაზის კულტურის ტრადიციის შეურაწყოფაა.
ღვინო უნდა შევაფასოთ ობიექტურად, ფერის, სურნელის, გემოსა და ხარისხით მიხედვით. უნდა შევიგრძნოთ რა სურნელით გამოირჩევა, ყვავილების თუ ხილის არომატით, როგორია სიტკბო, მჟავიანობა, ტანინი, ალკოჰოლი და რაც მთავარია, აქცენტს ვაკეთებთ ხარისხზე.

რა უპირატესობა აქვს მუხის კასრში დავარგებულ ღვინოს?

-მუხის კასრი ტექნოლოგიური ჭურჭელია, რაც უფრო ახალგაზრდაა კასრი, მით უფრო არომატულ ტონებს სძენს ღვინოს. ძველი კასრი კი ჟანგბადს აწვდის, რაც ღვინის დავარგებისთვის აუცილებელია. მუხის კასრი ღვინის შენახვის ტექნოლოგიებში დიდი უპირატესობით სარგებლობს, თუმცაღა ბევრი სიახლე გვაქვს უკვე ამ კუთხით.

ქვევრის ღვინოებზე რას გვეტყვით?

-ქვევრის ღვინო გამორჩეულია თავისი სტრუქტურით, ტონით, ფერით და გემოთი. ცოცხალი ჯანსაღი სხეულია, რომელიც დავარგების პროცესში გამოყოფილი ტანინითა და ალკოჰოლით გემოს ხდის განსაკუთრებულს. მიხარია რომ უკვე ბაზარზე ასეთი ღვინის მრავალფეროვნება გვაქვს.

მეღვინემ რა უნდა გაითვალისწინოს, ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის კარგი ღვინის მიღებისთვის?

-ყველაზე მთავარია თუ რა დამოკიდებულება აქვს მეღვინეს, მისთვის ღვინის წარმოება არ უნდა იყოს მხოლოდ ბიზნესი. როდესაც მხოლოდ ეს განცდაა, კვდება მთავარი გრძნობა-ვაზის სიყვარული. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ხელოვნურად აზავებენ ღვინოს სპირტით ან ყურძენი მოჰყავთ ძალიან ხელოვნურ გარემოში ისეთი პრეპარატებით რომ ვაზი ყველა მის გენურ თვისებას კარგავს.

მიწის და ვაზის სიყვარულზე…

-ჩემთვის ვაზი ძალიან ძვირფასი და განსაკუთრებულია, რადგან მართლაც რომ პირდაპირ კავშირშია სამშობლოს სიყვარულთან. რა შეედრება იმ განცდას, იმ ემოციას, როცა ქართველი კაცი სამშობლოს სადღეგრძელოს ქართული ღვინით ამბობ, მე ამ დროს სულიერად ვთავისუფლდები, მთელ ქვეყანას ვგრძნობ, ვხედავ ჩვენს მდიდარ ისტორიას ღირსეული ქართველებით და საამაყო ისტორიული ფაქტებით. ქართული სუფრა ხომ ხელოვნებაა, სადღეგრძელოების არსში წვდომით ჩვენ ვგრძნობთ ჩვენი ტრადიციების სიღრმეს, მნიშვნელობას. მე ძალიან მეიმედება ახალი თაობის, იმ ვაჟკაცების, რომელიც ამ ღირებულებებს ასე უფრთხილდებიან და არ კარგავენ ქართველობას.
ვთვლი, რომ საქართველოს სადღეგრძელოს, ქართულ სუფრას უხდება ქართული ღვინო და არა არაყი, ვისკი…
ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული ოჯახისა და ტრადიციების განმტკიცებაა. თუ თითეული ქართველი ამას გააცნობიერებს, ჩვენ გვექნება ძლიერი სახელმწიფო. ძლიერი ქართული ოჯახი ხომ ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია. ქართველი კაცი თუ თავის ქვეყანაზე გულანთებული არ საუბრობს, ის ქართველად არ მიმაჩნია. გადახედეთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას, რა თავდადებული წინაპრები გვყავდა. რამდენი გმირი, სწორედ მათი დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენ გვაქვს მამული, ენა სარწმუნოება.
საქართველოს ბუნება ხომ ხილული სასწაულია, ზღვა, მთა, წელიწადის ოთხი დრო… ამ ყველაფერს სჭირდება გაფრთხილება და ყველაზე დიდი გრძნობა სიყვარული. ყველაფერში სიყვარული გვაკლია, ამას ვგრძნობ…
ჩემთვის სამშობლოს სიყვარული წმინდა გრძნობაა, რომელიც ჩემი ოჯახის ყველაზე მთავარი, მაცოცხლებელი გზაა.

ვაზის ცრემლებში…

-თქვენ ვაზის ცრემლები თუ გინახიათ… ეს საოცარი რამაა, ვაზის ცრემლი ბუნების ცრემლია… სუფთა და დიადი… ამაში არის რაღაც ღვთიური…

ქართული ღვინის გზა ევროპისკენ…

-ვთვლი, რომ ქართული სტუმართმოყვარეობა ანტიკური ხანის დონეზე დგას, ძალიან ძველია და ღრმად აქვს ფესვები გადგმული ევროპულ ცივილიზაციაში. ერთი ცუდი თვისება გვაქვს ქართველებს, ვცდილობთ, მივბაძოთ სხვას, და ამ დროს გვავიწყდება, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ღირებულებები, რომლითაც ვართ განსაკუთრებული და გამორჩეული ერი. ქართული ღვინო რომ ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, აღიარებული ფაქტია. მთავარია ახალ, თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად შევინარჩუნოთ ღვინის წარმოების მამა-პაპისეული, ტრადიციული მეთოდები. ევროპაში, ღვინის საერთაშორისო ფესტივალებზე ქართული ღვინო აშკარად ლიდერია, რასაც მოწმობს ჯილდოები და ის შეფასებები, რასაც აკეთებენ ექსპერტები.
ჩვენი ევროპის გულში ვართ, როგორც ისტორიული, ტრადიციული, ეროვნული ღირებულებებით გაძლიერებული სახელმწიფო. ევროპას ჩვენ ვჭირდებით! ჩვენნაირი ქვეყანა მსოფლიოში ბევრი არ არის, ქვეყანა, სადაც ასე შეუძლიათ სიყვარული.. სტუმართმოყვარეობა. ბევრი ცუდი თვისება შეგვძინა ცხოვრების სისასტიკემ ქართველებს და ამაზე არ მინდა საუბარი… მაგრამ ამასაც ეშველება, თუ საკუთარ სულში ძლიერად შევიგრძნობთ ჩვენს ქართველობას, ჩვენი ფესვების სიღრმეს, რომელიც იკვებება ჩვენი წინაპრების სისხლით, ერთსულოვნებით, სიმამაცით, ვაჟკაცობით, ქართველობით! ჩვენი ქვეყნის გულისცემას მხოლოდ ასე თუ ვიგრძნობთ.

საქართველოში ბევრი ტურისტი ჩამოდის, ინტერესდებიან ჩვენი ქვეყნის კულტურითა და ისტორიით…

-ეს სასიამოვნო ფაქტია, მე პატივს ვცემ ყველა ტურისტს, ყველა ეროვნების ადამიანს, ვინც საქართველოში ჩამოდის სამოგზაუროდ, უყვარს ჩვენი ქვეყანა, ჩვენ ვიქნებით გულუხვი მასპინძლები სიყვარულით. ეს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მსოფლიო უნდა გვიცნობდეს, გაიზიარონ ჩვენი ქვეყნის ისტორია, კულტურა, ეროვნული ღირებულებები, მაგრამ ქართველი არასოდეს შეეგუება იმას, რომ ეზოში აგვიშენებენ მეჩეთს. ქართული გალობის, ქართული ლოცვის ძალა და მადლი ამ ქვეყნის მთავარი ძალაა. არ შეეგუება იმას რომ ჩვენი მიწა ასე იყიდებოდეს! თბილისში არის უბნები, სადაც ქართველის ადგილი აღარ არის, ეს თქვენ ჩემზე კარგად იცით..
რა ხდება ბათუმში, ჩადით სოფლებში და თქვენი თვალით ნახეთ… საქართველო პატარა ქვეყანაა…
თქვენ თუ მეტყვით, რომ ქართველებიც გვარცხვენენ ევროპაში, მე გიპასუხებთ: არც ის ქართველი მიცვნია ქართველად, ვინც ჩვენი ერის სახელს არცხვენს ევროპაში, ასეთი ქართველის ადგილი არც საქართველოშია!
საქართველოში ქართველი კაცი სანამ ცოცხლობს, სანამ ქართველ დედის მანდილს ისეთივე ფასი და ძალა აქვს, როგორც ადრე, გვეშველება!
არ უნდა დათმო ის რაც შენთვის ყველაზე მთავარია. ქართული მიწა, ტრადიცია და ეროვნული ღირებულებები.
ქართველს, ყოველ მის ნაბიჯზე უნდა ახსოვდეს სამი სიწმინდე: მამული, ენა, სარწმუნოება! ამ სამი სიწმინდის სადღეგრძელო კი, უნდა ითქვას ქართული ღვინით, ქართულ მიწა-წყალზე გაშენებული ვაზის ცრემლებით!

ესაუბრა: თინათინ ღლონტი