slide
slide
slide

უსინათლო მხატვრის შემოქმედებითი სასწაული

გიორგი ქობელაშვილის  შემოქმედება უსასრულო წყვდიადში, გრძნობით აღქმული  ჭეშმარიტი  ნიჭის გამოვლინებაა.  ის უსინათლო მხატვარია, რომელმაც სამყარო კადრს მიღმა,  სიბნელეში ისე შეიცნო, რომ  მისი ყოველი ნამუშევარი  აღფრთოვანებას იწვევს.

ნახატებს არ ყიდის, რადგან თვლის, რომ  ყოველი ნახატი მისი სულის ნაწილია  და მასთან უნდა იყოს,  მხატვარი აცნობიერებს, რომ  ნახატის  ესთეტიკურ ღირებულებაზე  არანაკლები ფასი აქვს მის კონცეპტუალურ სარჩულს,  იმ სააზროვნო სივრცეს, რომელშიც  ნახატი იქმნება.

„ხატვის პროცესში  წარმოსახვითია ყველაფერი,   შეგრძნებებზე ვარ დამოკიდებული, გონება, სულიერი კავშირი სივრცესთან და იდეა, რომელიც უნდა განვახორციელო ნახატში, ერთ ამოსუნთქვას ჰგავს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩემთვის.   ასეთი დამოკიდებულებით, სიბნელეში შექმნილი ნახატი ჩემი სამყაროსა და ხედვის ნაწილია და მინდა ჩემთან იყოს. არასოდეს მქონია პრეტენზია, რომ ეწოდებინათ ჩემთვის მხატვარი, არც ის მიმაჩნია ტრაგედიად, ჩემს ნახატებს თუ არ გაეცნობა საზოგადოება, მე უბრალოდ ვხატავ ჩემთვის, სიბნელეში აღქმული ფერებით…“

ჯერ კიდევ შვიდი წლის იყო,  როცა დაიწყო მისი  შემოქმედებითი გზა. მოითხოვა ფანქრები და ფურცლები, დახატა პეიზაჟები, პორტრეტები და   თვითონაც მიხვდა რომ ეს იყო შესაძლებლობა, ესაუბრა  საკუთარ თავთან და ადამიანებთან, სამყაროს ენით… დღემდე ასე გრძელდება..

უსინათლო მხატვრის შემოქმედება ძირითადად, პორტრეტის, ნატურმორტისა და პეიზაჟის ჟანრშია შესრულებული. ხატვის საკუთარი მეთოდით შექმნილი ნამუშევრები ექსპრესიულობითა და ფერების სიმრავლით გამოირჩევა.

მხედველობის დაკარგვის მიუხედავად, გიორგი ქობელაშვილი ვერ დაემალა მუზებს, მისი უხილავი სულიერი გზა სამყაროში,  შემოქმედებად იქცა და  მან, ყოველი ამოსუნთქვა დაიტია ფურცელზე. გიორგი არ ნებდება სიბნელეს,  საკუთარ თავს არ აძლევს გაჩერების  უფლებას,  დღემდე სხვადასხვა ჟანრში, მათ შორის გრაფიკაშიც მუშაობს, რაც განსაკუთრებულ სიზუსტესა და პროფესიონალიზმს მოითხოვს. პარალელურად, მონაწილეობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო გამოფენებში. 14 ივნისს, თიბისი გალერეაში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით,  გიორგი ქობელაშვილის პერსონალური გამოფენა “თვალით და გონებით დანახული სამყარო” გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.

ასევე, გიორგის შემოქმედებით დაინტერესდნენ პოლონეთში, მისი მასპინძლები იყვნენ, პოლონეთის უსინათლოთა კავშირის პრეზიდენტი ანნა შიმანსკა და გენერალური მდივანი ელჟბეტა ოლეკსიაკი.

„ეს გამოფენები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორც მხატვრისთვის, უბრალოდ ადამიანისთვის,  გავიცანი ადამიანები, რომლებთანაც  დღემდე ვმეგობრობ, მოვისმინე მხატვრების შეფასებები…ვიგრძენი ძალიან თბილი დამოკიდებულება   სტუმრებისგან“.

მხატვრის შემოქმედებით გზას თან ახლავს სირთულეები და უსიამოვნო ფაქტებიც, სამწუხაროდ,  მხატვრისთვის გამორჩეული და ყველაზე საყვარელი ნახატი „ბალერინა“ დაიკარგა. დღემდე არ იცის სად არის, ამ ფაქტს დიდი გულისტკივილით იხსენებს:

„სამწუხარო ფაქტია… ძნელია როცა ენდობი და გიღალატებენ… პრაღაში გამოფენაზე  წაიღეს ჩემი ექვსი ნახატი, აქედან ხუთი დამიბრუნეს, ერთი კი არა, განმიცხადეს დაიკარგაო… უბრალოდ გული დამწყდა და ვთვლი, რომ ეს არის არაადამიანური დამოკიდებულება“

ხელოვნებას რომ საზღვრები არ გააჩნია ნათელია, მაგრამ ვერც  ადამიანის შთაგონებას დაუწესებ საზღვრებს, ნიჭს შეუძლია  ადამიანის სული,   სამყაროს ყველა განზომილებაში  მოავლინოს, არის ამაში რაღაც ღვთიური. ვფიქრობ,  ასეთი ადამიანები  ქმნიან რაღაც განსაკუთრებულს, რომელშიც შეიძლება დაინახო ყველაფერი ერთად, შეიგრძნო სამყაროს სუნთქვა, ყველა ფერი, რომლითაც ადამიანის სული შეიცნობა. ეს ხატვის ფილოსოფიაა, ამოუხსნელი სადღაც სულის სიღრმეში, სულის კედლებს მიმაგრებული მარგალიტებივით კაშკაშა და ნაზი გრძნობა.

გიორგი ქობელაშვილმა ჩაბნელებულ სამყაროში იპოვა ნათელი  წერტილი-გრძნობა, რომლითაც დაამარცხა ხედვის შეზღუდული შესაძლებლობა:

„რომ გითხრათ დღისით არ ვხატავ, რადგან დღის სინათლე ხელს მიშლის შინაგანი ნათების პოვნაში მეთქი… ტყუილი იქნება,  რადგან  ჩემთვის დღე როგორც ასეთი არ არსებობს, ჩემთვის დილა მაშინ იწყება, როცა სამყაროს ვგრძნობ და მესმის მისი სუნთქვა. მე არ ვეძებ სითეთრეს, ჩემთვის შავი ფერი  აბსოლიტური სინათლის ფერია, ყველა ფერის გამაერთიანებელი, მე კი ამ ფერში ვხედავ სამყაროს სულს და სიმშვიდეს…ვერ ვიტყვი, რომ ეს ყველაზე კარგი ფერია, მაგრამ ამის აღიარებას მივეჩვიე..“

განსაკუთრებით უყვარს ძველი თბილისის გაცოცხლება ნახატებში, ეს მისთვის საყვარელი თემაა, რომელზეც ბევრს ფიქრობს და ემოციურად იხარჯება,  ჭეშმარიტი ნიჭის უდაო მაგალითია,  მისი ნახატი ტილოზე: „ძველი თბილისი“,  ერთ-ერთ მხატვარს განუცხადებია ნახატი კარგია, მაგრამ ხეებს ვერ ვხედავ ნახატში, უკეთესი იქნებოდა რომ დაგეხატაო,  გიორგი კი თვლის, რომ ხეების გარეშე უფრო ნათელია ეს ნახატი, ყველა შტრიხი გამოკვეთილია,  გათვალისწინებულია  ყველაზე მთავარი-აზრისა და იდეის სიზუსტე.

გიორგის ნახატებში,  იგრძნობა მისტიკური თავისუფლება, მხატვრის შინაგანი, სულიერი სიძლიერე და ოპტიმიზმი. როცა ნახატს უყურებ თითქოს  შემოქმედებითი პროცესის  თანამონაწილე ხარ, რომელშიც ეს ნახატი შეიქმნა.

საინტერესოა, როგორ შეიძლება დახატო ის, რასაც ვერ ხედავ.

ეხები იმას, რასაც ხედავ, ხატავ იმას, რაც სამყაროს შემეცნების ნაწილია, მაგრამ როგორ? აქ მთავარი გრძნობაა და მხატვრის მდიდარი, მრავალფეროვანი სულიერი სამყარო. რთულია წარმოიდგინო, როგორ იცავს უსინთლო მხატვარი  პროპორციებს, სიმეტრიას, რომ ნახატები ასეთი უნიკალური გამოდის… კრიტიკოსები ამაზე  საუბრობენ და მიაჩნიათ, რომ ეს არის შეუძლებელის  დაძლევა, ეს რეალობაა…

გიორგი ქობელაშვილი შემოქმედებით პროცესში სიმეტრიების  განსაზღვრისთვის იყენებს ჭიკარტებს, ხის დაფას  და ყველაზე მთავარს-სულიერ სინათლეს, გრძნობასთან ერთად. ეს არის მისი შემოქმედების სასწაული.

„ხატვა ბავშვობაში დავიწყე და მივხვდი რომ ამის გარეშე ვერ  გავძლებდი, მიყვარდა პეიზაჟების, ნატურმორტების, პორტრეტების ხატვა. სამხატვრო აკადემიაში რომ ჩავაბარე ძალიან გამიმართლა, რადგან ჩემი პედაგოგი  მეხმარება დღემდე, ჩემს შემოქმედებას არ აძლევს საშუალებს იყოს ჩრდილში, მივიწყებული. ბევრი რამ მასწავლა და მადლობა მას ამისთვის. ეს ფასდაუდებელი   დამოკიდებულებაა, რომელსაც მე შემიძლია მხოლოდ ვუპასუხო სიყვარულითა და პატივისცემით.

მხედველობის დაკარგვის შემდეგ, განვიცდიდი ჩემს მდგომარეობას, არ მაძლევდა მოსვენებას სამყარო, რომელიც მუზად მექცა და მივხდი რომ უნდა მეხატა,  ვერ გავჩერდებოდი…  ვცადე და დავხიე…  არ გამოდიოდა…  არ გავჩერდი..  მერე მოვიფიქრე ჭიკარტების დახმარებით, ხის დაფაზე დამეცვა სიმეტრიები და  ვფიქრობ გამომივიდა… არ ვიცი სხვა უსინათლო მხატვრები როგორ ხატავენ, მაგრამ ეს ჩემი ხატვის ტექნიკაა…“

მოძღვრის კურთხევაც აიღო და ხატების წერაც დაიწყო.. წმინდა გიორგი, ღვთისმშობელი, დავით აღმაშენებელი, მაცხოვრის სახე… შედევრებია… საკუთარ სულში უფლის სიყვარულის  შეგრძნება აძლიერებს  შინაგანად…

გიორგი ქობელაშვილის შთაგონების წყარო არ არის რაღაც კონკრეტული.  შემოქმედებით პროცესში, მისი ხედვა   საზღვრებს მიღმა წვდება სამყაროს ყველაზე მიუვალ სივრცესაც  კი, საიდანაც იღებს განსაკუთრებულ ემოციას…ფერების კომბინაციას.

„მე არ ვემორჩილები დროს, დროს აქვს თავისი კანონები და წესები, მე არ მიყვარს ჩარჩოები, ჩარჩოებში სუნთქვა მიჭირს, ამიტომ დაუმორჩილებელი გავხდი, დღე და ღამე ჩემთვის ერთი განზომილებაა, რომელშიც მე ჩემი წესებით ვცხოვრობ.

ვისურვებდი, რომ უფრო მეტი კონტაქტი შემეძლოს ადამიანებთან, კომუნიკაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მინდა ხელშეწყობა და დაფასება ჰქონდეს მხატვრებს, მხატვრობა  ხელოვნების სულია ფერწერაში გაცოცხლებული, გრძნობებით და ემოციებით გამოკვებილი, არ შეიძლება მისი არშემჩნევა, არდაფასება… ხელოვნება მაშინ კვდება, როცა ის არავის არ სჭირდება“

20  ოქტომბერს  გამოფენისთვის ემზადება… როგორც ამბობს, მოხარულია რომ კიდევ ერთხელ მიეცემა შესაძლებლობა, გააცნოს მისი შემოქმედება საზოგადოებას. გამოფენზე წარდგენილი იქნება ნახატები, რომლებიც ორ პერიოდს მოიცავს „თვალით აღქმული“ და „სულით  აღქმული რეალობა“.

წარმატება ვუსურვოთ უნიჭიერეს მხატვარს!

ესაუბრა თინა ღლონტი