slide
slide
slide

ოკუპაციური თერაპევტის რეკომენდაციები

საქართველოს კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის შესახებ, განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლებს და მიზნად ისახავს სხვა პირთა თანაბრად, უზრუნველყოს  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზაცია, შექმნას ხელსაყრელი პირობები მათი სრულფასოვანი ცხოვრებისა და საზოგადოების ეკონომიურ თუ პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობისთვის.

ასევე, კანონში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ დაუშვებულია დასახლებული პუნქტების დაპროექტება და განაშენიანება, საცხოვრებელი რაიონების ფორმირება, საპროექტო გადაწყვეტილებების შემუშავება, შენობათა და ნაგებობათა, მათ შორის, სასწავლო-საგანმანათლებლო, სპორტულ გამაჯანსაღებელი ობიექტების, აეროპორტების, რკინიგზის სადგურების, საზღვაო და სამდინარო სატრანსპორტო საშუალებათა კომპლექსებისა და კომუნიკაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის ინდივიდუალური საშუალებების მშენებლობა და რეკონსტრუქცია, თუ ეს ობიექტები და საშუალებები არ მიესადაგება  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს.

გარდა ამისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, თავიანთი შემოქმედებითი და საწარმოო შესაძლებლობების რეალიზაციის მიზნით და რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამის შესაბამისად, უფლება აქვთ იმუშაონ შრომის ჩვეულებრივი პირობების საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში. დაუშვებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის შრომითი ხელშეკრულების დადებაზე ან სამსახურებრივ დაწინაურებაზე უარის თქმა.

რა ხდება ჩვენს ირგვლივ, რამდენად  უზრუნველყოფს   სახელმწიფო  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ დაცვას და უქმნის თუ არა მათ საჭირო პირობებს ინდივიდუალური განვითარების, შემოქმედებითი და საწარმოო შესაძლებლობების რეალიზაციისათვის.  ირღვევა თუ არა მათი უფლებები, რამდენად ეძლევათ მათ შესაძლებლობა და აქვთ თუ არა თანაბარი უფლება  ჩართული იყვნენ საზოგადოებრივ, კულტურულ  ცხოვრებაში.

ასევე, რა არის სენსორული დარღვევა და რით არის გამოწვეული, შეიძლება თუ არა ეს დარღვევა იყოს აუტიზმის საფუძველი, რას ნიშნავს ოკუპაციური თერაპია და რა არის მისი მთავარი გამოწვევა, ამ საკითხებთან დაკავშირებით გვესაუბრება ნეიროგანვითარების ცენტრის ოკუპაციური თერაპევტი, ფსიქოლოგ-რეაბილიტატორი  სოფო წიგნაძე.

 

სოფო,  რას ნიშნავს იყო  ოკუპაციური  თერაპევტი,  რა საქმიანობას მოიცავს ეს პროფესია?

-უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადაგიხადოთ ინტერვიუსთვის, ვფიქრობ საინტერესო საკითხს განვიხილავთ, რაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ოკუპაციურ თერაპიას, ეს არის  პროფესია, რომელიც   ბევრ სფეროს მოიცავს. ვთვლი, რომ  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი  დარგია, რადგან  უზრუნველყოფს ფიზიკურად და გონებრივად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მკურნალობას სპეციფიკურად შერჩეული აქტივობების საშუალებით. დარგის მიზანია, ხელი შეუწყოს პიროვნებას, რათა მან მიაღწიოს ფუნქციონირების მაქსიმალურ დონეს და დამოუკიდებლობას ცხოვრების ყველა სფეროში. ოკუპაციური თერაპია განიხილავს ჯანმრთელობას, როგორც დინამიურ და მრავალგანზომილებიან ფენომენს.

ოკუპაციური თერაპია,  რამდენად  მოიცავს ადამიანის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ემოციურ, სოციალურ, ეროვნულ და კულტურულ ასპექტებს?

-მოიცავს მაქსიმალურად ყველა  თქვენს მიერ ჩამოთვლილ ასპექტს. ეს პროფესია იმით არის მნიშვნელოვანი, რომ  აუმჯობესებს ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლის ხარისხს, იყენებს რა მიზანმიმართულ საქმიანობებს – იგი ეყრდნობა ადამიანზე ორიენტირებულ ანუ ე.წ. კლიენტზე ცენტრირებულ მიდგომას, რაც იმას გულისხმობს, რომ ადამიანი, აქტიურ მონაწილეობას ღებულობს თერაპიულ პროცესში. ოკუპაციის თერაპია გულისხმობს, რომ ადამიანი უნიკალურია და მას გააჩნია შესაძლებლობები, იყოს მოტივირებული, აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ოკუპაციური თერაპია ეს არის სისტემატიური ურთიერთობა ადამიანსა და მის ოკუპაციას (მისთვის მნიშვნელოვან საქმიანობას) შორის.

როდესაც ბავშვს აქვს მოტორული შეზღუდვა, რა  პროცესს მოიცავს  მკურნალობა, როგორია თქვენი მიდგომა პრობლემისადმი?

-მოტორული შეზღუდვის დროს, ვითვალისწინებთ რომ  ადამიანი არის ბიოფსიქო სოციალური არსება და მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდულია მისი მოძრაობის შესაძლებლობა, მას სჭირდება გონივრული განვითარება, ურთიერთობები, კომუნიკაცია, მას არ უნდა ჰქონდეს შეზღუდული ფუნქციონალური სფერო. ამიტომ,  მას ვეხმარებით ცხოვერების ხარისხის გაზრდაში.  როცა არის მომართვა, ოკუპაციური თერაპევტი მიდის სახლში, სწავლობს გარემოს და  იწყებს ბარიერების გადალახვას. მაგალიათად,  ეზოში ვერ ჩადის იმიტომ რომ ეტლი კარებში არ შეეტია, ვერ შედის ლიფტშიც, ან ლიფტით ჩადის, მაგრამ საფეხურები აქვს ჩასავლელი და პანდუსები არ არის. ჩვენ უპირველეს ყოვლისა ვიწყებთ,   გარემოს გადაკეთებას,  მასზე მორგებას  და ა. შ

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს თანადგომის გარეშე,  ეზღუდება  ურთიერთობის, კომუნიკაციის საშუალება და   რეგრესისკენ მიდის როგორც მისი ინტერპერსონალური  უნარები, ასევე,  ფიზიკური და გონებრივი უნარები…

-დიახ და  სამწუხაროდ ვიღებთ დეპრესიულ, განაწყენებულ, სასოწარკვეთილ ადამიანს, რომელიც  სახელმწიფოს მხრიდან არის  უგულვებელყოფილი. მაგრამ კიდევ განვმარტავ, არა მიზანმიმართულად, არამედ სფეროს არცოდნის გამო.

სოფო, რამდენიმე სიტყვით, რომ განგვიმარტო, რა იწვევს ბავშვში ემოციურ სენსორულ დარღვევას, რომელიც გლობალურ პრობლემად არის აღიარებული, რასთან არის ეს დაკაშირებული?

– მოგიყვანთ მაგალითს, კვლევების შედეგად დადგინდა რომ ქალაქში ბავშვების 70 პროცენტს აქვს კვებითი დარღვევა,  არ ჭამს, ან აქვს ამოჩემებული საკვები,  ან ჭამს მარტო ტკბილს და ა. შ  გახშირებული მომართვიანობის გამო, დაიწყო კვლევა და აღმოჩნდა რომ ეს გლობალური პრობლემაა და   გამოწვეულია  ტელესივრცესთან, ეკრანზე მიჯაჭვულობით, როცა ბავშვი დროს ატარებს მხოლოდ კომპიუტერთან, აკლია სამყაროსთან  შეხება,   არ დარბის, არ თამაშობს, არ არის კონტაქტში სივრცესთან,  მას უღარიბდება შეგრძნებები რაც შემდგომში სენსორულ დეფიციტში ვლინდება.

 სენსორული  დარღვევა, რამდენად შეიძლება განვიხილოთ  აუტიზმის გამომწვევ მიზეზად?

–  სხვათაშორის კვლევების შედეგად მეცნიერებმა აღნიშნეს რომ  აუტიზმის დიაგნოზს თან ახლავს სენსორული დეფიციტი, მაგრამ ის შეიძლება აუტისტური სპექტრის გარეშეც იყოს, ისე როგორც მეტყველების დაწყების დაგვიანება.  წინა პირობად კი მუდმივად კომპიუტერთან კავშირს და ყველა ცოცხალი კონტაქტის უგულებელყოფას ასახელებენ.

-ალბათ   სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ   ბავშვები   ერთმანეთში საუბრობენ  რუსულად ან ინგლისურად, ან ე. წ “კომპიუტერული ენით”

-დიახ,  სწორი  შენიშვნაა, რადგან, მათი ცოდნა და გამოცდილება  განისაზღვრება  კომპიუტერული თამაშებითა და პროგრამებით, ამიტომაც საუბრობენ იმ ენებზე, რომელიც თამაშის სახით სთავაზობს შემეცნებით პროგრამებს. თუმცა ახლა შემიძლია ვთქვა რომ საქართველოში უკვე დაიწყეს ამ კუთხით მუშაობა და არსებობს უკვე ქართულად ამღერებული შემეცნებითი თემები (მაგ.: სხეულის ნაწილები, ფერები, დათვლა, ცხოველები, პროფესიები)”თედოს და ნუცას თავგადასავალი”.

ანუ  შეიძლება თქვას, რომ კომპიუტერმა თავისთავად   ჩაანაცვლა მთავარი ემოციური კონტაქტები?

-დიახ,  კომპიუტერმა ძიძის პრობლემაც მოხსნა გარკვეულწილად, როცა  ბავშვი  კომპიუტერზეა მიჯაჭვული, ამ დროს არ ტირის, არ ხმაურობს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ  სანაცვლოდ ზიანდება ბავშვის ემოციური, კოგნიტური, ფიზიკური და ფუნქციური უნარები.

-ისევ დავუბრუნდეთ, ოკუპაციურ თერაპიას, როგორც გავიგე, მედიცინის ამოცანაა დაავადების მკურნალობა, ოკუპაციური თერაპიის ამოცანა კი არის პროფილაქტიკა (პრევენცია) ანუ, იმ უნარზე შეზღუდულობის ხარისხის შემცირება, რომელიც თავად დაავადებისაგან მომდინარეობს.

-დიახ, ასეა, თუ მედიცინას შეუძლია გვაჩუქოს წლები, ოკუპაციური თერაპევტი ამ წლების საინტერესოდ და სრულყოფილად გატარების საშუალებას აძლევს კლიენტს. ამიტომაც ვთვლი, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი პროფესია, ამ დარგს სჭირდება განვითარება და სპეციალისტები, რომელიც ასე დეფიციტურია საქართველოში.

 ჩვენს უნივერსიტეტებში არის შესაბამისი ფაკულტეტი,  ისწავლება  ოკუპაციური თერაპია?

-სამწუხაროდ მხოლოდ ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხდება სწავლება, მაგრამ კადრების დეფიციტი მაინც გვაქვს…იმედი მაქვს   განათლების სამინისტრო და ჯანდაცვა ამ საკითხს უფრო მეტ  დროს დაუთმობს. ვინაიდან ძნელად მოინახება სფერო, სადაც ოკუპაციური თერაპევტი არაა საჭირო.

როგორც ვიცი, თქვენ ნეიროგანვითარების ცენტრში მუშაობთ რა მომსახურეობას თავაზობს პაციენტებს ეს  დაწესებულება?

-დიახ, ნეიროგანვითარების ცენტრი ბავშვებს სთავაზობს დახმარებას ფიზიკური რეაბილიტაციისა და მენტალური განვითარების კუთხით. მუშაობს ადრეული განვითარების პროგრამაც, რომლის ფარგლებშიც მშობელს შეუძლია ჩართოს ბავშვი 0 დან 6 წლამდე.

რამდენად რთულია, თქვენი კლიენტებისთვის საინტერესო აქტივობებში ჩაბმის გზების მოძიება და რა რესურსებთან არის დაკავშირებული?

– ოკუპაციური თერაპიის მთავარი მიზანია სამი ელემენტის – პიროვნების, გარემოსა და ოკუპაციის – ურთიერთმორგება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პიროვნება, რომელსაც სპეციფიკური, განსხვავებული უნარები გააჩნია, საჭიროებს ჩვენს მიერ ისეთი საქმიანობის (ოკუპაციის) შეთავაზებას, რომელიც შესრულებადი იქნება მისთვის, ხოლო ამ საქმიანობის ხელშემწყობი უნდა იყოს ის გარემოც, სადაც ხორციელდება, ანუ უნდა მოხდეს გარემოს მორგება პიროვნებისა და მისი საქმიანობისათვის.

საქართველოში რამდენად არის საცხოვრებლად ადაფტირებული გარემო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათავის?  

-სამწუხაროდ ამ მხრივ ძალიან რთული ვითარებაა,  ყოველ ნაბიჯზე ირღვევა მათი უფლებები, განსაკუთრებით  მტკივნეული თემაა მათი დასაქმების საკითხი, ვერ ახერხებენ საზოგადოებაში ადაფტირებას, საზოგადოებრივ, კულტურულ პროცესებში ჩართულობას.  თითქოს სახელმწიფო ზრუნავს მათზე, ბევრი პროექტი ფინანსდება, თითქოს მათი უფლებების დაცვა სახელმწიფოს ერთერთი მთავარი პრიორიტეტია, მაგრამ შედეგი მაინც არ გვაქვს, თუ არ ჩავთვლით მინიმალურ მიღწევებს.

მაგალითად, განვიხილოთ უსინათლოების პრობლემა, ლიტერატურაც კი არ აქვთ, მე ახლახანს ჩავატარე კვლევა და ეს პრობლემა ყველაზე მწვავე პრობლემად დაასახელეს. აუცილებელია ბრაელის პრინტერები, უნდა იყოს აუდიო ლიტერატურა, რომელსაც მოისმენენ, მიიღებენ ინფორმაციას.

ბავშვებს სასწავლო ლიტერატურაც კი არ აქვთ, ნოტებს, წიგნებს, მასწავლებლები უწერენ. სხვათაშორის სახალხო დამცველმა იყიდა ბრაელის პრინტერი,  რომლითაც იბეჭდება მცირე ზომის ბრუშურები.  არ გვაქვს სტამბა,  სადაც ბრაელის შრიფტით დაიბეჭდება წიგნები.

რა უნდა გააკეთოს სმენადაქვეითებულმა, როგორ უნდა გაიგოს ინფორმაცია, სიახლეები?  და ა.შ   ამის ადაფტირებაშიც პრობლემა გვაქვს, რადგან  არ არის ჟესტური ენა გადაცემებში.

აუტისტებისთვის უნდა იყოს პიქტოგრამები  ქუჩაში, შენობებში, რომლებიც მიუთითებენ მიმართულებას,  ან სხვა მდგომარეობას. თუ ჩვენ გვინდა ადაფტირებული ქალაქი, უნდა გავითვალისწინოთ ყველაფერი, რაც დაიცავს ამ ადამიანთა უფლებებს.

უნდა იყოს ადაფტირებული მეტრო, ავტობუსი თუ სხვა სატრანსპორტო საშუალებები,  ქუჩები, მიწისქვეშა გადასასვლელები, კვების ობიექტები, საცხოვრებელი სახლები და   და ა. შ

მე ვიცნობ ბრიტანელ გოგონას,  რომელსაც ჩაუტარდა  ფეხის ამპუტაცია, მე მისი საზოგადოებაში ჩართულობისა და ცხოვრების შესახებ გაგანდობთ მთავარ ემოციას. ეს გოგონა  მიუხედავად თავისი მდგომარეობისა  ერთ-ერთი პრესტიჟული ანსანბლის  “CAN DO COMPANY” მოცეკვავეა. მას  ცეკვის დროს სთხოვენ  მაქსიმუმს.  სწორედ ამ დამოკიდებულებამ ის  გახადა საზოგადოების სრულფასოვანი წევრი და ეს იყო ნაბიჯი დეპრესიიდან ბედნიერებამდე.  ამ პასუხისმგებლობას უნდა ვგრძნობდეთ თითეული ჩვენთაგანი. საქართველოში მსგავსი ფაქტი არ მახსენდება სამწუხაროდ, კომპანიები გაურბიან მათ დასაქმებას, განსაკუთრებით ბიზნეს სექტორი, რადგან მათ შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებათ, შესაბამისად, ავტომატურად ხდება მათი ჩაგვრა… 21-ე საუკუნეში კი  როცა შესაძლებელია  ამ პირთა აბსოლიტური და სრული ადაპტაცია  გარემოსთან, საზოგადოებრივ ცხოვრებაში,  პირიქით პროცესი რეგრესისკენ მიდის. ამის მთავარი მიზეზი კი სამწუხაროდ არის არაკვალიფიციური, არაკომპეტენტური მიდგომა ამ მტკივნეული და მნიშვნელოვანი საკითხებისადმი.

სოფო რა არის ამის მიზეზი, შენ კვალიფიციურ კადრების დეფიციტზე საუბრობდი.. თან იმასაც ადასტურებ რომ სახელწიფო ზრუნავს ამ ადამიანებზე…

-ვთვლი, რომ ეს ერთერთი მთავარი პრობლემაა, რადგან გვინდა გულით მათი დახმარება, მაგრამ არ ვიცით როგორ გავაკეთოთ ეს, ამიტომ მინიმალური მიღწევებით შემოვიფარგლებით. სწორედ აქ იჩენს თავს კვალიფიციური კადრების არარსებობის პრობლემა.

ვფიქრობ, იმფრანსტრუქტურა მთავარი პრობლემაა, რადგან  მშენებლობების დროს არ არის გათვალისწოინებული  შეზღუდული შესაძლებობის მქონე პირთა  შესაძლებლობები და უფლებები…

-გეთანხმებით, დავიწყოთ იმით, რომ ქალაქი ძალიან დაემსგავსა ჩაბეტონებულ სივრცეს,   მინიმალური გამწვანება და მაქსიმალურად დიდი მასშტაბების მშენებლობები, რომლებიც არ ითვალისწინებს  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა  უფლებებს, მათი ქალაქში გადაადგილების ყველა პირობას, ქალაქი არ არის უნივერსალური, არ არის საკმარისი პანდუსები და თუ არის გაკეთებულია არასწორად. ამის ერთერთი მაგალითია ფილარმონიასთან  მიწისქვეშა  გადასასვლელი. წარმოუდგენელია იქ გაკეთებული პანდუსით ისარგებლოს ადამიანმა. ამ მხრივ პრობლემა აქვს კვების ობიექტებს,   არც ერთს თუ გამონაკლისებს არ გავითვალისწინებთ  არ აქვს პანდუსი, როგორ უნდა მოახერხოს ადამიანმა შესვლა. ამ ყველაფერს კანონმდებლობის მკაცრი რეგულაციებით სჭირდება გაკონტროლება, საჭიროა მოიწვიონ ექსპერტები, განსაზღვრონ რისკები, პრობლემების აღმოფხვრის ყველა შესაძლებლობა. მკაცრად უნდა  მოეთხოვებოდეს სამშენებლო კომპანიებს მოერგონ   თანამედროვე  პროექტებს, რომლებიც მაქსიმალუირად იქნება  გათვლილი ყველა შესაძლებლობის მქონე ადამიანზე. ქალაქში დადიან მოხუცები,   დედები საბავშვო ეტლებით, არც მათთვისაა ქალაქის სივრცე მისაღები.

დასაქმების  პრობლემაც ძალიან მტკივნეული საკითხია, მე პირადად ვიცნობ რამდენიმე ადამიანს, რომლებიც  მათი შეზღუდული შესაძლებლობის გამო, ვერ ახერხებენ დასაქმებას  და სახლში სხედან სტრესულ გარემოში. ვიცნობ, უნიჭიერეს  მხატვარს, პოეტს  ქ-ნ  მ. ქაციბაიას, რომელიც ვერ ახერხებს ეზოში ჩამოსვლასაც კი,  რადგან    კორპუსს, რომელშიც ცხოვრობს  არ აქვს პანდუსები, არც ლიფტი,  ასევე,  ვიცნობ  ორი შვილის დედას, რომელიც ეტლს არის მიჯაჭვული და  ძალიან სჭირდება სამსახური…

– დასაქმების თემა საქართველოში ყველამხრივ აქტუალურია, მაგრამ პირი რიმელიც განსხვავდება დანარჩენი ადამიანებისგან, მისთვის მეტად მწვავედ დგას ეს პრობლემა.

საგარეჯოს სოციალურ საწარმოში “ სიცოცხლის ყვავილი “ 12  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი მუშაობს. ზედმიწევნით ასრულებენ თავის საქმეს და ხელფასსაც დამსახურებულად იღებენ. რეალურად მათ საქმის შესრულების პრობლემა არ აქვთ, თუ მათი უნარების გათვალისწინებით შესთავაზებ საქმეს. ამ თემაზე სასურველია ბიზნეს სექტორიც დაფიქრდეს.

ვისურვებდი, რომ  ჩვენმა მთავრობამ გამოიყენოს საჭირო რესურსები და შესაძლებლობები ყველა ამ პრობლემის მოგვარებისთვის.  აღნიშნულ საკითხებს მეტი ყურადღება სჭირდება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა  საზოგადოებაში ჩართულობა და თანადგომა უნდა იყოს უპირველესი პრიორიტეტი ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით,  ეს არის სპეციფიკური სფერო, რომელშიც მხოლოდ კვალიფიციური კადრების მიერ გაწეული რეკომენდაციებით  შეიძლება სასურველი შედეგების მიღწევა.

ესაუბრა:  თინა ღლონტი